
ამერიკელები მუშაობის დასაწყებად თითქმის $79 000-იან წლიურ ხელფასს ითხოვენ. ამას ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობს.
მომხმარებელთა მოლოდინების უახლესი კვლევის მიხედვით, გასულ წელს მინიმალური წლიური ანაზღაურება, რომელსაც ახალი სამუშაოს დასაწყებად ითხოვდნენ, $72 900-ს შეადგენდა. 2021 წელს ეს მაჩვენებელი $69 000 იყო, მიმდინარე წლის ივლისში კი, $78 645-ს მიაღწია.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ქალებს შორის ხელფასის მოთხოვნა, მამაკაცებთან შედარებით, ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება. მიუხედავად ამისა, როცა საქმე ასაღებ ხელფასს ეხება, გენდერული ნიშნით სხვაობა აშკარაა. მამაკაცებისთვის სასურველი მინიმალური საშუალო ანაზღაურება დაახლოებით $91 000-ია, ქალებისთვის კი - $66 100.
საშუალო ხელფასის მოლოდინი უფრო მაღალია კოლეჯის განათლების მქონე ადამიანებში. ისინი ახალი სამუშაოდან $98 600-ს ელიან, განათლების არმქონე პირები კი $63 300-ს.
შედარებისთვის, აშშ-ის აღწერის ბიუროს თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის საშუალო შემოსავალი 2021 წელს $70 784 იყო. 2022 წლის მონაცემები მომავალ თვეში გამოქვეყნდება.
მინიმალურ ხელფასზე ამერიკელების მოთხოვნის ზრდა ემთხვევა ახალი სამუშაო ადგილების მატებას. ამერიკელმა დამსაქმებლებმა გასულ თვეში 187 000 სამუშაო ადგილი შექმნეს, ანალოგიური მაჩვენებელი დაფიქსირდა ივნისშიც. უმუშევრობის დონე ახლა აშშ-ში 3.5%-ს შეადგენს და უახლოვდება 1969 წლის რეკორდულად დაბალ მაჩვენებელს - 3.4%-ს.