
აზიის უმდიდრეს ადამიანს, მუკეშ ამბანს ინდოეთისთვის ახალი ფინანსური სუპერ აპლიკაციის შექმნა სურს.
ამბანის საკუთრებაში მყოფი კონგლომერატის, Reliance-ის განცხადებით, აპლიკაცია არასაბანკო კრედიტორი იქნება, რომელიც ინდოელებს სხვადასხვა ფინანსურ მომსახურებას გაუწევს.
იგი სავარაუდოდ ჩინური WeChat-ის მსგავსი აპლიკაცია უნდა იყოს, რომლის მომხმარებლებს ონლაინ შოპინგი, ვიდეო სტრიმინგი, ციფრული საფინანსო ოპერაციების განხორციელება, საფონდო ვაჭრობა და სხვა შესაძლებლობები ექნებათ.
ამბანის კონგლომერატი Reliance-ი ინდოეთის უდიდესი უკაბელო ოპერატორია. ჯერ კიდევ 2016 წელს იგი მომხმარებლებს უფასო ზარების განხორციელებასა და იაფ მობილურ ინტერნეტს სთავაზობდა. სწორედ ამის გამო Relience-მა სატელეკომუნიკაციო სექტორში მრავალი კონკურენტი ჩამოიშორა და მას უკვე 450 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
ამას გარდა, Reliance-მა დროდადრო ხელი შეუწყო ციფრული ვაჭრობისა და სატელევიზიო სერვისების განვითარებას. ამჟამად კი იგი ყიდის ყველაფერს, მათ შორის ელექტროტექნიკას და ტანსაცმელს, ინდოეთის მასშტაბით კი 18 000-ზე მეტი მაღაზია აქვს.
Relience-ის ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა Jio Financial Services-ი. სწორედ ეს უკანასკნელი აპირებს ინოვაციური ციფრული სერვისების მიმწოდებელი აპლიკაციის შექმნას ინდოელებისთვის. Jio Financial-ის გაფართოების გეგმა წარმოადგენს ამბანის სურვილს, რომ ტრადიციული ენერგობიზნესიდან ნელ-ნელა სამომხმარებლო სექტორში გადაინაცვლოს.
მიუხედავად ამისა, ინდოეთში საბანკო სექტორი უფრო მეტად კლიენტზე ორიენტირებული ხდება; შესაბამისად, არსებობს რისკები, რომ ამბანის სუპერ აპლიკაციას საბანკო სექტორიდან ძლიერი კონკურენტები გამოუჩნდება. ინდოეთის საბაზრო კაპიტალიზაციის 25%-ს სწორედ ფინანსური სერვისები ადგენენ.