LIVE

X-ის მომხმარებლებს სხვა ანგარიშების დაბლოკვა აღარ შეეძლებათ

24 აგვ 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 684
X-ის მომხმარებლებს სხვა ანგარიშების დაბლოკვა აღარ შეეძლებათ

სოციალური მედიის პლატფორმა X (ყოფილი Twitter-ი) აუქმებს ფუნქციას, რომელიც მომხმარებელს სხვა ანგარიშების დაბლოკვის საშუალებას აძლევს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა.

როგორც მასკი წერს, „პლატფორმაზე ბლოკის „ფუნქცია“ წაიშლება, პირად მიმოწერებში გამოყენების გარდა“.

მისივე თქმით, პლატფორმაზე შენარჩუნდება "Mute" ფუნქცია. ბლოკისგან განსხვავებით, ამ ფუნქციის გამოყენების დროს ანგარიშს შეტყობინება არ მისდის. ბლოკის დადების შემთხვევაში კი ანგარიშის მფლობელმა იცის თუ ვინაა ბლოკის ავტორი. ორივე ფუნქცია მომხმარებლის აქტივობის სხვა ანგარიშებისგან დამალვას ემსახურება.

ჯერჯერობით უცნობია როდის გაუქმდება ბლოკის ფუნქცია, თუმცა, ფაქტია, რომ ეს გადაწყვეტილება App Store-სა და Google Play-ის პირობებს ეწინააღმდეგება. ორივე კომპანიის აპლიკაციების ჩამოსატვირთი პლატფორმის სახელმძღვანელო მოითხოვს სოციალური ქსელებში ბლოკირების შესაძლებლობას.

პლატფორმის მილიარდერი მფლობელი საკუთარ თავს სიტყვის თავისუფლების აბსოლუტისტად მოიხსენიებს, თუმცა ზოგიერთი კრიტიკოსი მის მიდგომას უპასუხისმგებლოს უწოდებს. სწორედ მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შემდეგ, მკვლევრებმა პლატფორმაზე სიძულვილის ენისა და ანტისემიტური შინაარსის შემცველი პოსტების ზრდა აღმოაჩინეს.

მასკმა ასევე აღადგინა მრავალი მანამდე აკრძალული ანგარიში, რომელთა შორის აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშიც იყო. მან ასევე შეამცირა პლატფორმის სანდოობისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები.