
მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) პროგნოზით, 2033 წლისთვის გლობალური ტურიზმის ინდუსტრია $15.5 ტრილიონამდე გაიზრდება, ხოლო ტურიზმის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 11.6% იქნება.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ტურიზმის სექტორი $10 ტრილიონს ითვლიდა, რაც გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 10.4% იყო.
გარდა ამისა, WTTC-ის ანგარიშში დასახელებულია 10 ქვეყანა, რომელიც გლობალურად ტურიზმში ყველაზე დიდ წილს შეიტანს. ესენია: აშშ, ჩინეთი, გერმანია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, მექსიკა, იტალია, ინდოეთი და ესპანეთი.
გაიზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობაც. ანგარიშის თანახმად, 2033 წელს ტურიზმის სფეროში გლობალურად 430 მილიონი ადამიანი იქნება დასაქმებული. შედარებისთვის, 2019 წელს აღნიშნულ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა 334 მილიონი იყო.
"ეკონომისტების ვარაუდით, გლობალური მშპ ყოველწლიურად 2.6%-ით გაიზრდება...თუმცა მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში ჩვენ წლიურად 5.1%-იან ზრდას ველით," - განაცხადა ჯულია სიმპსონმა, WTTC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
გარდა ამისა, სიმპსონი აღნიშნავს, რომ აშშ-ს, რომელსაც ამჟამად ყველაზე დიდი შემოსავლები აქვს ტურიზმიდან (წლიურად $2 ტრილიონი) 2033 წლისთვის პირველობას ჩინეთი წაართმევს: "2033 წელს ჩინეთის ტურიზმის ინდუსტრია ყოველწლიურად $4 ტრილიონს შექმნის. ტურიზმის შემოსავლები ჩინეთის ეკონომიკის 14.1% იქნება."
არსებული მოლოდინებით, 2024 წელს, როდესაც ჩინეთის მოქალაქეები პანდემიამდელ პერიოდს სრულად დაუბრუნდებიან, ეს კიდევ ერთი უდიდესი ტალღა იქნება გლობალური ტურიზმისთვის. სავარაუდოდ, 2033 წლისთვის გლობალურად მოგზაურობაზე დახარჯული თანხების 22.3% ჩინელებზე მოვა.