
რუსმა პროკურორებმა სანქცირებული რუსი მილიარდერის, ანდრეი მელნიჩენკოს, წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყეს. აღნიშნული სასამართლო დავა წარმოაჩენს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ზეწოლას მდიდარ რუსებზე, რომ მათ თავიანთი აქტივები საზღვარგარეთიდან რუსეთში დააბრუნონ.
მელნიჩენკო რუსეთის უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის, SUEK-ისა და სასუქების მწარმოებელი EuroChem-ის დამფუძნებელია. მისი ქონება Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, $13 მილიარდს შეადგენს.
სარჩელი ციმბირში, კრასნოიარსკის სასამართლოში მელნიჩენკოს, SUEK-ისა და კიდევ ორი კომპანიის წინააღმდეგაა შეტანილი, თუმცა ზუსტი მიზეზი დასახელებული არ არის.
გასულ კვირას პუტინმა რუსეთის მთავრობასა და ლობისტურ ჯგუფებს თხოვნით მიმართა, დაჩქარდეს რუსი ბიზნესმენების ქონების რუსეთში დაბრუნების პროცესი. მელნიჩენკოს SUEK-ი რუსეთშია დაფუძნებული, თუმცა EuroChem-ი შვეიცარიაშია დარეგისტრირებული.
ამჟამად მელნიჩენკო არაბთა გაერთიანებულ ემირატებში ცხოვრობს. დიდი ხნის განმავლობაში იგი ევროპაში ცხოვრობდა, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების ქვეშ აღმოჩნდა.