
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3 516.3 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა. 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლება 5.2%-ია.
აღსანიშნავია, რომ გადამუშავებული ტვირთის 48.6% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 32% - თხევადი ტვირთი, 19.4% კი - ნაყარი ტვირთი.
რაც შეეხება მგზავრების სტატისტიკას, II კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 1 300 მგზავრს მოემსახურა, რაც 0.9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში, შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატება გასული მგზავრების რაოდენობას და 52.6%-ს შეადგენს.
აპრილ-ივნისში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში 402 გემი შემოვიდა. მათი 31.8% გენერალური ტვირთის გადამზიდი იყო, 30.1% - კონტეინერმზიდი, 29.9% - თხევადი ტვირთმზიდი, ხოლო 8.2% ნაყარ ტვირთმზიდზე, სპეციალიზებულ გემებზე და ბუქსირებზე გადანაწილდა.
II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 61.3%-ით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 3.4%-ით მეტი - თხევადი ტვირთმზიდი, 3.8%-ით ნაკლები - გენერალური ტვირთმზიდი და 50%-ით ნაკლები - ნაყარი ტვირთმზიდი.
აპრილ-ივნისში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოსული გემების 20.6% თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 13.7% - პანამის, 13.4% - ლიბერიის, 8.5% - მალტის, 6.2% - რუსეთის, 5.2% - ბულგარეთის, ხოლო 32.4% სხვა ქვეყნებზე გადანაწილდა.