
რუსეთმა სოციალური მედია პლატფორმა Reddit-ი "აკრძალული კონტენტის" ბრალდებით დააჯარიმა. მოსკოვის სასამართლომ გადაწყვეტილება სამშაბათს გამოიტანა.
რუსული მხარის განმარტებით, Reddit-ს უკრაინაში ომის შესახებ "მცდარი" ინფორმაცია უნდა წაეშალა. აღნიშნულის არშესრულების გამო კი მოსკოვის სასამართლომ Reddit-ი 2 მილიონი რუბლით დააჯარიმა, რაც 20 365 აშშ დოლარია.
არალეგალური ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით რუსეთი სხვა პლატფორმებსაც ედავება. მათ შორის არიან Wikimedia, სტრიმინგ სერვისი Twitch-ი და Google.
Reddit-თან ერთად, იმავე დღეს, რუსეთმა Wikimedia-ს ფონდიც დააჯარიმა. აღნიშნულ ფონდში შედის ონლაინ ენციკლოპედია Wikipedia. ბრალდება კვლავ იგივეა: კომპანია უკრაინაში, რუსული მხარის თქმით, "სპეციალური სამხედრო ოპერაციის", შესახებ მცდარი ინფორმაციის წაშლაზე უარის გამო ჯარიმდება.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი ქვეყანაში Wikipedia-ს დაბლოკვას არ გეგმავს, თუმცა იგი ონლაინ ენციკლოპედიას უკვე დიდი ხანია, მუდმივად აჯარიმებს.