LIVE

კონკურენციის სააგენტომ ICI PARIS-ს მომხმარებლებისთვის ინფორმაციის ქართულად მიწოდება დაავალა

16 აგვ 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 575
კონკურენციის სააგენტომ ICI PARIS-ს მომხმარებლებისთვის ინფორმაციის ქართულად მიწოდება დაავალა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ICI PARIS-ს შიდა პოლიტიკის შეცვლა და მომხმარებლებისთვის ინფორმაციის ქართულ ენაზე მიწოდება დაავალა. ამის შესახებ განცხადებას სააგენტო ავრცელებს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, შპს „პრესტიჟი“-სთან (ICI PARIS) პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.

სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა:

- შეცვალოს კომპანიის შიდა პოლიტიკა და შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს;

- მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია. მათ შორის, ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ;

- აღნიშნული ინფორმაცია განათავსოს სავაჭრო პლატფორმაზე და ყველა სავაჭრო ობიექტში, სადაც მოვაჭრე კომერციულ საქმიანობას ახორციელებს;

- ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები;

- აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად უფლებები დაერღვათ. 

კონკურენციის სააგენტოს განმარტებით, ICI PARIS ვალდებულია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის განმავლობაში, სააგენტოს ვალდებულებების შესრულების მტკიცებულებები წარუდგინოს.

2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივლისის ჩათვლით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში სულ დაფიქსირდა 317 განაცხადი, საიდანაც 190 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო.

9 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 93 საქმეზე 56 შეთანხმება გააფორმა. 50 საქმეზე გაფორმებულ 30 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი 32 საქმეზე, ხოლო 4 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო, 12 საქმეზე 3 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა.