
Fitch Rating-ის ანალიტიკოსების განცხადებით, შესაძლოა აშშ-ს ბანკების, მათ შორის, JPMorgan Chase-ის რეიტინგი შემცირდეს. ეს კი მას შემდეგ, რაც Fitch Raiting-მა აშშ-ს საბანკო სექტორის ოპერირების გარემოს შეფასება AA- დონემდე შეამცირა.
Fitch Rating-ის ანალიტიკოსის კრის ვოლფის განცხადებით, ივნისში მომხდარი ეს ცვლილება დიდწილად შეუმჩნეველი დარჩა, რადგან ბანკების რეიტინგების შემცირება არ გამოუწვევია. თუმცა კიდევ ერთი საფეხურით შემცირება A+ დონემდე, საფუძველი იქნება 70-ზე მეტი ამერიკული ბანკის რეიტინგის გადასახედად.
იმ შემთხვევაში, თუ საბანკო სექტორის შეფასება კიდევ ერთი საფეხურით დაქვეითდება, ინდუსტრიის წამყვანი ინსტიტუტების რეიტინგები მასთან შეუსაბამო დონეზე ვერ დარჩება. შესაბამისად, ამ მოცემულობაში, სწორედ ორი უდიდესი ბანკის JPMorgan-ის და Bank of America-ს რეიტინგები სავარაუდოდ A+ დონემდე შემცირდება. კრის ვოლფი განმარტავს, რომ სხვა ბანკების რეიტინგებიც გადაიხედება, მათ შორის სუსტი კრედიტორების, რომელთა დონე „არასაინვესტიციო“ შეფასების საფეხურზეც კი შეიძლება დაქვეითდეს.
ყველაზე დიდი ფაქტორი, რაც Fitch-ს სექტორის რეიტინგის შემცირებისკენ უბიძგებს, ფედერალური სარეზერვო ფონდის მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდაა. ბაზრის ზოგიერთი შემფასებლის მოლოდინით, რეფინანსირების განაკვეთი შესაძლოა მომავალ წელს შემცირდეს, თუმცა მოსალოდნელზე უფრო დიდი ხნით ამ განაკვეთის შენარჩუნება, სექტორის მოგების მარჟაზე დიდ გავლენას მოახდენს.