
ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ COVID-19-ის პანდემიის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და 3 წელზე ხანგრძლივი შეზღუდვები საბოლოოდ მოხსნას.
ჯანდაცვის მინისტრის აიეშა ვერალის განცხადებით, იხსნება შეზღუდვა, რომელიც ვირუსის დადასტურებიდან 7 დღის განმავლობაში მოქალაქეებს სამედიცინო დაწესებულებებსა და სხვა დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებას ავალდებულებდა.
„მიუხედავად იმისა, რომ დადასტურებული შემთხვევების სტატისტიკა მერყევია, გასულ წელთან შედარებით, პიკი არ გვქონია. მოსახლეობის იმუნიტეტის გაძლიერებასთან ერთად, ვხედავთ, რომ COVID-19-ის არსებული შეზღუდვების მოხსნა უსაფრთხოა“, - აღნიშნავს ჯანდაცვის მინისტრი.
ქვეყანაში შეზღუდვების უმეტესობა გასულ წელს მოიხსნა, როდესაც ვაქცინაციის მაჩვენებელმა მაღალ დონეს მიაღწია. ასევე, სამედიცინო დაწესებულებებმა ზამთრის პერიოდი გადატვირთვის გარეშე, წარმატებით გაიარეს.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი ზელანდიის მიერ პანდემიასთან გამკლავების გზები მსოფლიომ ყველაზე ეფექტურ სტრატეგიად აღიარა, ქვეყნის შიგნით კრიტიკა დაიმსახურა. მართალია, ქვეყანამ შეინარჩუნა ინფიცირებისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ მოსახლეობა სახლში დარჩენის, სკოლებისა და საზღვრების დახურვის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა.
პრემიერმინისტრ, კრის ჰიპკინსის განცხადებით, საბოლოო შეზღუდვების მოხსნა „მნიშვნელოვანი ეტაპია“.
„მჯერა, რომ ახალ ზელანდიელებს შეუძლიათ იამაყონ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ. დავრჩით სახლებში, გავიღეთ მსხვერპლი, ავიცერით და, ეჭვგარეშეა, რომ ამით სიცოცხლე შევინარჩუნეთ“, - განაცხადა ჰიპკინსმა ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე.
მიუხედავად ვალდებულების მოხსნისა, ჯანდაცვის მინისტრი ხალხს ურჩევს, ვირუსის დადასტურების შემთხვევაში ხუთი დღე სახლში დარჩნენ.