
შვებულება ნებისმიერი დასაქმებული ადამიანისთვის წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი პერიოდია. დასვენების მიზანი განტვირთვა და ძალების აღდგენაა, თუმცა ზოგჯერ შვებულების დროს საქმიან ზარებს მაინც ვიღებთ.
ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთი ინდური სტარტაპი განსაკუთრებით მკაცრი პოლიტიკით გამოირჩევა. მუმბაიში დაფუძნებული კომპანია Dream11, რომელიც სპორტის სხვადასხვა ონლაინ თამაშის პლატფორმას წარმოადგენს, დასაქმებულებს, შვებულებაში მყოფი კოლეგების შეწუხების შემთხვევაში, 100 000 რუპიით ($1 200) აჯარიმებს. ამას გარდა, კომპანიაში დასაქმებულებს წლიურად მინიმუმ ერთკვირიანი შვებულების აღებაც მოეთხოვებათ.
"წელიწადში ერთხელ, ერთი კვირით, თქვენ სისტემაში აღარ ხართ, აღარ იღებთ მეილის შეტყობინებებსა თუ საქმიან ზარებს. აღნიშნული კვირა თქვენ დასვენებაში გეხმარებათ, ხოლო კომპანიას - იმის გარკვევაში, თუ რამდენადაა დამოკიდებული იგი თქვენზე," - აღნიშნავს Dream11-ის თანადამფუძნებელი ბჰავიტ შეთი CNBC-სთან ინტერვიუში. კომპანია 2008 წელს დაარსდა. შეთის თქმით, აღნიშნული პოლიტიკა ამ წლების განმავლობაში წარმატებული აღმოჩნდა.
"Dream11-ს სჯერა, რომ შვებულების დრო თანამშრომლებს დასვენებასა და ძალების აღდგენაში ეხმარება, რათა უკან, სამსახურში დაბრუნებულებმა მათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთონ," - აცხადებს კომპანია.
შვებულების წესების დახვეწაზე მსოფლიოში მრავალი კომპანია მუშაობს. ასე მაგალითად, Goldman Sachs Group-ი თანამშრომლებს წლის განმავლობაში განუსაზღვრელი დროით შვებულებაზე გასვლის შესაძლებლობას აძლევს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ მიდგომას ერთ-ერთი ბრიტანული ფირმა არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ თანამშრომლებს ესაჭიროებათ, ზუსტად იცოდნენ, შვებულებისთვის რამდენი დღის გამოყოფის შესაძლებლობა ექნებათ.