ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) განცხადებით, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციისა და მათი მოკავშირეების მიერ (OPEC+) მიწოდების შენელების შედეგად, წლის ბოლომდე შესაძლოა ნავთობის მარაგები სრულად ამოიწუროს.
სააგენტოს განცხადებით, მოსალოდნელია ნავთობის ფასების ზრდა მანამ, სანამ ეკონომიკური წინააღმდეგობები არ შეზღუდავს ნავთობზე მოთხოვნას.
2022 წლის ბოლოდან OPEC+ ნავთობს შეზღუდული რაოდენობით მოიპოვებს, რამაც ფასები ზემოთ აწია. ივნისში ორგანიზაციამ შეზღუდვის გეგმები 2024 წლამდე გაახანგრძლივა. Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბოლო პერიოდში $88-ზე მეტად გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იანვრის შემდეგ.
IEA ნავთობის ბაზრის ყოველთვიურ კვლევაში ამბობს, რომ OPEC+ შეინარჩუნებს თავის მიზნებს და მესამე კვარტალში მარაგი დღეში 2,2 მილიონი ბარელით, ხოლო მეოთხე კვარტალში დღეში 1,2 მილიონი ბარელით შემცირდება, რაც „ფასების ზრდის რისკს შეიცავს“.
IEA-ს მიხედვით, ივლისში ნავთობის გლობალური მიწოდება დღეში 910,000 ბარელით დაეცა, რაც ნაწილობრივ საუდის არაბეთის წარმოების მკვეთრი შემცირებით იყო გამოწვეული. თუმცა ივლისში რუსეთის ნავთობის ექსპორტის ტემპი შენარჩუნდა და დღეში დაახლოებით 7,3 მილიონი ბარელი შეადგინა.
მომავალ წელს მოსალოდნელია, რომ დღიური მოთხოვნა 1 მილიონ ბარელამდე შენელდება, რაც სუსტი მაკროეკონომიკური პირობების, პოსტპანდემიური აღდგენისა და ელექტრო მანქანებზე მზარდი მოთხოვნის შედეგი იქნება.
„გლობალური ეკონომიკური პერსპექტივა კვლავ გამოწვევად რჩება საპროცენტო განაკვეთების გაზრდისა და სესხების შემცირების ფონზე, რაც კიდევ უფრო მეტად აფერხებს ბიზნესებს, რომლებიც შენელებულ წარმოებასა და ვაჭრობას უმკლავდებიან“, - თქვა IEA-მ.
IEA-ის მიხედვით, წლის დარჩენილ პერიოდში - ზაფხულის საჰაერო მოგზაურობების, ელექტროენერგიის წარმოებაში ნავთობის მოხმარების ზრდის და ჩინეთის ნავთობქიმიური მზარდი აქტივობის ფონზე - ნავთობზე მოთხოვნა დღეში 2,2 მილიონ ბარელამდე გაიზრდება. OPEC-ის პროგნოზით კი მოთხოვნა დღეში 2,44 მილიონ ბარელს მიაღწევს.