LIVE

ახალ ზელანდიაში კომპანიები გენდერული სახელფასო სხვაობის შესახებ ანგარიშებს შექმნიან

20 აგვ 202319:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 437
ახალ ზელანდიაში კომპანიები გენდერული სახელფასო სხვაობის შესახებ ანგარიშებს შექმნიან

ახალ ზელანდიაში კომპანიებს, სადაც მინიმუმ 250 ადამიანია დასაქმებული, გენდერული სახელფასო სხვაობის შესახებ ანგარიშების მომზადება და მათი შესაბამისი უწყებებისთვის მიწოდება დაევალებათ. ქვეყანაში ასეთი დაახლოებით 900 კომპანიაა. 

მიზანი კაცებსა და ქალებს შორის ერთსა და იმავე პოზიციებზე არათანაბარი ანაზღაურების პრობლემის აღმოფხვრაა: "როდესაც კომპანიები ვალდებულნი იქნებიან, გამოაქვეყნონ ანგარიშები გენდერული სახელფასო სხვაობის შესახებ, ეს მათ ამ პრობლემის გადაჭრისთვის წაახალისებს, ხოლო დასაქმებულებს მეტად გამჭვირვალე სამუშაო გარემოს შეუქმნის," - განაცხადა იან ტინეტიმ, ახალი ზელანდიის ქალთა მინისტრმა.

მოსალოდნელია, რომ აღნიშნული დირექტივა სამომავლოდ ისეთ კომპანიებზეც გავრცელდება, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 100 ადამიანიდან იწყება; ასეთი კი უკვე მთელს ახალ ზელანდიაში 2 700 კომპანიაა. 

გენდერული სახელფასო სხვაობის პრობლემის აღმოფხვრის მხრივ, ახალი ზელანდია ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა: აქ აღნიშნული სხვაობა 7.7%-მდე დაყვანილი, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამასთან, ქვეყანაში ქალებს მაღალი პოზიციების თითქმის ნახევარზე მეტი უკავიათ. 

ტინეტის განმარტებით, ახალ ზელანდიას სჭირდება, მეტად იმუშაოს ამ საკითხზე, რათა ქვეყანაში სამუშაოდ მეტი მაღალკვალიფიციური ქალი მოიზიდოს. 

კანონის მიღებამდე ახალი ზელანდიის მთავრობა დამატებით კონსულტაციებს გაივლის. შესაძლოა, აღნიშნულ ანგარიშებში დამატებით დასაქმებულთა ეთნიკური წარმოშობაც იყოს აღნიშნული.