LIVE

ბაიდენი კონგრესს უკრაინის დასახმარებლად $24 მილიარდის გამოყოფას სთხოვს

11 აგვ 202318:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 416
ბაიდენი კონგრესს უკრაინის დასახმარებლად $24 მილიარდის გამოყოფას სთხოვს

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესისგან $24 მილიარდის გამოყოფას ითხოვს უკრაინის დასახმარებლად და სხვა საერთაშორისო დახმარების დასაფინანსებლად.

ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი მოიცავს $13 მილიარდს თავდაცვისთვის, ხოლო $7.3 მილიარდს ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ახალ მოთხოვნას ემატება აშშ-ში სხვადასხვა უბედურებების დროს მხარდაჭერის $12 მილიარდიანი პაკეტი. დაფინანსების ეს კომპონენტი კი რესპუბლიკელების თანხმობის მოპოვებაზეა გათვლილი, რომელთა უმრავლესობა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფას მხარს არ უჭერს.

ახალი მოთხოვნა ასევე მოიცავს $3.3 მილიარდიან დახმარებას რუსეთის შეჭრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისთვის, ასევე $4 მილიარდს, სასაზღვრო დაცვის გაძლიერებისთვის. მთლიანობაში, მოთხოვნილი თანხის ჯამმა $40 მილიარდი შეადგინა.

„რამდენადაც უკრაინის ომი გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე, შეერთებული შტატები მზადაა შეინარჩუნოს ძლიერი გლობალური პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ“, - აღნიშნავს ბაიდენის ოფისის მენეჯმენტისა და ბიუჯეტირების ხელმძღვანელი, შალანდა იანგი, პალატის სპიკერის კევინ მაკარტისთვის გაგზავნილ წერილობით მოთხოვნაში.

საუბარი იმაზე თუ რამდენ ხანს დაუჭერს მხარს ბაიდენი უკრაინას, არ წყდება. 2022 წლის თებერვალში ბაიდენის მიერ გაცემული პირობით, „მხარდაჭერას გააგრძელებს მანამ, სანამ საჭირო იქნება“, თუმცა მზარდი წინააღმდეგობა რესპუბლიკელთა პარტიის მხრიდან, ამ დანაპირებს ეჭვქვეშ აყენებს. თავის მხრივ, რესპუბლიკელებმა მოითხოვეს უკრაინისთვის გაცემული ფინანსური დახმარების აღწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადეს, რომ სამომავლო დაფინანსების მოთხოვნას მხარს არ დაუჭერდნენ.

რესპუბლიკელთა პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის წამყვანი კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი, დონალდი ტრამპი ასევე სკეპტიკურად უყურებს აშშ-ს უკრაინის ომში შემდგომ ჩართულობას. მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დაპირება კი კონფლიქტის 24 საათში მოგვარებაა, თუმცა ამას როგორ აპირებს, უცნობია.

დაფინანსების მოთხოვნამდე, თეთრი სახლი ცდილობდა კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი უკრაინის დახმარების მნიშვნელობაზე რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

 „ჩვენ თხოვნით მივმართავთ მათ, ვინც უკრაინისთვის გაწეული მაღალი ფინანსური მხარდაჭერით შეშფოთებულია, დანახარჯში ადამიანთა სიცოცხლის, მათ შორის ამერიკელთა სიცოცხლის ფასიც გაითვალისწინოს. რადგან თუ პუტინი უკრაინას დაიმორჩილებს, შემდეგი ჩვენი მოკავშირე NATO-ს ქვეყნები იქნება, რომელთა დაცვის პირდაპირი ვალდებულება გვაქვს. ეს ბრძოლა უკრაინის სუვერენიტეტის დაცვაზე ბევრად მეტია“, - განაცხადა ჯონ კირბიმ, ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა.

უკრაინისთვის მიმდინარე ფინანსური მხარდაჭერა კონგრესმა დეკემბერში დაამტკიცა, რაც $45 მილიარდს შეადგენს. ეს თანხა 2023 წლის სექტემბრამდე შეიარაღებას უნდა მოხმარდეს.