LIVE

პრივატიზაცია, საპენსიო ასაკი და მიგრანტები - პოლონეთის რეფერენდუმის კითხვები ცნობილია

13 აგვ 202317:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 860
პრივატიზაცია, საპენსიო ასაკი და მიგრანტები - პოლონეთის რეფერენდუმის კითხვები ცნობილია

პოლონეთში რეფერენდუმი ჩატარდება. მოქალაქეებს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის, საპენსიო ასაკის მომატებისა და არალეგალი მიგრანტების შესახებ შეეკითხებიან. 

პირველი კითხვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების პრივატიზაციას შეეხება. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის მმართველი "კანონისა და სამართლიანობის" პარტია ოპოზიციას სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაციის განზრახვაში უკვე დიდი ხანია სდებს ბრალს. 

პარასკევს პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ, პრივატიზაციის საკითხის გარშემო მთავარი ოპოზიციური ლიდერი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ "გერმანელებს დონალდ ტუსკის ძალაუფლებაში მოყვანა უნდათ, რათა შემდეგ მან სახელმწიფო საკუთრება უცხოელებზე გაყიდოს."

მეორე კითხვა საპენსიო ასაკის მომატებას შეეხება. ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა და პოლონეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბეატა შიდლომ, განაცხადა. 

ამჟამად პოლონეთში საპენსიო ასაკად ქალებისთვის 60, ხოლო მამაკაცებისთვის - 65 წელია განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ 2015 წლამდე ორივე სქესისთვის საპენსიო ასაკი 67 წელი იყო. შესაბამისად, პოლონეთში საპენსიო ასაკი შესაძლოა კვლავ გაიზარდოს.

მესამე კითხვა "ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან შემოსულ ათასობით მიგრანტს" შეეხება. კერძოდ, მოქალაქეებს ჰკითხავენ, ეთანხმებიან თუ არა ისინი ქვეყანაში არალეგალი მიგრანტების შემოდინებასა და ევროკავშირის გეგმას გაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის მიგრანტების გადანაწილების შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ მიგრანტების საკითხი მმართველმა "კანონისა და სამართლიანობის" პარტიამ წარმატებით ერთხელ უკვე გამოიყენა, კერძოდ 2015 წლის არჩევნებში გასამარჯვებლად. ამჯერადაც, პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ, აღნიშნა, რომ მიგრანტების საკითხს პარტია წლევანდელი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებშიც მიმართავს.

რეფერენდუმი, დიდი ალბათობით, 15 ოქტომბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს პოლონეთში საპარლამენტო არჩევნებია ჩანიშნული.