
PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის II კვარტალში 600 ლარამდე ხელფასს 174 000 ადამიანი იღებდა.
240 000-ს შეადგენდა იმ დასაქმებულების რაოდენობა, რომელთა ხელფასიც 600-დან 1200 ლარამდე იყო.
აპრილი-ივნისის პერიოდში ყველაზე მეტნი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ხელფასის სახით 1200-დან 2400 ლარამდე თანხას იღებდნენ. საქართველოში ამ ოდენობის ხელფასი 323 000 დასაქმებულს ჰქონდა.
2400 ლარზე მაღალი ხელფასი კი ქვეყანაში 207 000 მოქალაქეს ეძლეოდა.
PMC კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული მაკრო მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის II კვარტალში ხელფასს სულ 943 000 ადამიანი იღებდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 4.2%-ით გაიზარდა.
„BAG ინდექსის მიხედვით, კომპანიათა 32%-მა 2023 წლის II კვარტალში გაზარდა თანამშრომლების ხელფასები, ხოლო მათმა უმეტესობამ თანამშრომლების ხელფასები 0-20%-ის ფარგლებში გაზარდა.
აღსანიშნავია, სებ-ის მიხედვით, ბოლო პერიოდში კომპანიებმა ხელფასები გაზარდეს მათი მოგების ზრდის ტემპის შემცირების ხარჯზე. შესაბამისად, დიდი ალბათობით, საქართველოში ხელფასი-ფასის სპირალის განვითარებას ადგილი არ აქვს“, - აცხადებენ PMC კვლევით ცენტრში.
რაც შეეხება წინა წლის მონაცემებს, მაკრო მიმოხილვის თანახმად, 2022 წელს, 2021-თან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური ხელფასი 22%-ით გაიზარდა, თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით, 2022 წელს ხელფასების ზრდამ მხოლოდ 9.1% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებელი 2015 წლიდან 2022 წლამდე 34.7% იყო, რაც ორჯერ აღემატება ინფლაციაზე მორგებული ხელფასის ზრდას. PMC კვლევით ცენტრის განმარტებით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში მშპ-ს რეალური ზრდა პროპორციულად არ აისახებოდა მუშახელის ხელფასებზე.