
მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა წელსაც განხორციელდება. კერძოდ, რთველი 2023-ის ფარგლებში, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირება მოხდება.
„სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2023 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ. ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0.90 ლარისა. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1კგ. რქაწითელისა და 1 კგ. კახური მწვანისათვის 0.20 ლარს“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
უწყების განმარტებით, რთველი 2023-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი 24 საათიანი რეჟიმით იმუშავებს.
ინფორმაციისთვის, მთავრობა რთველს წლებია ასუბსიდირებს. ჯამში ბიუჯეტს 2022 წლის რთველის სუბსიდირება 100 მლნ ლარი დაუჯდა, 2021 წლის კი - 138 მლნ ლარი.