LIVE

ფინანსური ინსტიტუტებისთვის საერთაშორისო სანქციების შესრულების წესი დამტკიცდა

08 აგვ 202316:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 692
ფინანსური ინსტიტუტებისთვის საერთაშორისო სანქციების შესრულების წესი დამტკიცდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული, ანგარიშვალდებული ორგანიზაციებისთვის საერთაშორისო სანქციების რეჟიმის შესრულების წესი დამტკიცდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ მოაწერა.

წესის თანახმად, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ევალებათ, შეიმუშაონ და დანერგონ შიდა კონტროლის ეფექტიანი მექანიზმები, რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ, აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების რეჟიმის შესაბამისად.

საკანონმდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ისინი ვალდებულები არიან არ განახორციელონ უცხოური ფინანსური ინსტიტუტების ან ნაღდი ფულის ტრანსპორტირებით დაკავებული პირისთვის ნაღდი უცხოური ვალუტის (აშშ დოლარი/ფუნტი სტერლინგი/ევრო) მიწოდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ფულის ტრანსპორტირება ხდება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში ან ევროზონის ქვეყნებში.

ამასთან, მე-5 მუხლის თანახმად, კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ევალებათ სებ-ს ყოველთვიურად წარუდგინონ ანგარიშგება.

„მუხლი 5. ანგარიშგების ვალდებულება

1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციების შესრულებაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით, ანგარიშვალდებული პირები ვალდებულნი არიან საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინონ ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგებები.

2. საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ევალებათ  საქართველოს ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად წარუდგინონ ანგარიშგება ამ ბრძანების დანართი №1-ით განსაზღვრული ფორმით, რომელიც მოიცავს:

ა) ინფორმაციას რუსეთის ფედერაციიდან, ბელარუსის რესპუბლიკიდან ან/და სხვა გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ;

ბ) ინფორმაციას ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ.

3. საქართველოში მოქმედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ევალებათ  საქართველოს ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად წარუდგინონ ანგარიშგება ამ ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციიდან, ბელარუსის რესპუბლიკიდან ან/და სხვა გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ.

4. საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს და მიკრობანკებს ევალებათ  საქართველოს ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად წარუდგინონ ანგარიშგება ამ ბრძანების დანართი №3-ით განსაზღვრული ფორმით.

5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშგებების წარდგენა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის (1 (ერთი) კალენდარული თვე) მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის (1 (ერთი) კალენდარული თვე) მომდევნო თვის 25 რიცხვისა.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგებების წარდგენა უნდა განხორციელდეს AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალის საშუალებით“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ თუ ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული, ანგარიშვალდებული ორგანიზაციები მოთხოვნას არ შეასრულებენ, მარეგულირებელს უფლება ექნება ისინი დაასანქციროს.