
ამაზონის აბორიგენი ტომის ლიდერი ბრაზილიის ხელისუფლებას რეგიონში ტყეების გადარჩენისთვის ძალისხმევის გაძლიერებისაკენ მოუწოდებს. რაონი მეტუკტირეს თქმით, თუ ტყეების ჩეხა გაგრძელდება, ბუნებრივი კატასტროფა გარდაუვალი იქნება.
რაონის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა გახდა, ტროპიკული ტყეების წინაშე მდგარი საფრთხეები შემცირდა. მიუხედავად ამისა, ახლა ბრაზილიის კონგრესი ცდილობს, მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც აბორიგენ მოსახლეობას წინაპრების მიწებს წაართმევს. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, ტყეების დაცვის მოთხოვნით, რაონი ხელისუფლების წარმომადგენლებს მომავალ კვირას შეხვდება.
რაონი მეტუკტირე კაიაპოს ხალხის ლიდერია. ეს ხალხი მდინარე სინგუს გასწვრივ, სინგუს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ცხოვრობს. აღნიშნული პარკი სოიოს პლანტაციებითა და გაფართოებული პირუტყვის რანჩოებით შემოიფარგლა, რამაც მიმდინარე ტერიტორიებზე მდინარეების დაშრობა გამოიწვია.
"ბევრი მდინარე დაშრა. ძალიან ცხელა, ზოგიერთ სოფელში ტემპერატურა უკიდურესად მაღალია. წვიმა ძალიან მცირედ მოდის," - აცხადებს იგი.
მეტუკტირე აცხადებს, რომ ეს ტერიტორია და ზოგადად, ამაზონის ტყეები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი ხალხის გადარჩენისა და გლობალური კლიმატისთვის. შესაბამისად, ხელისუფლებას ევალება, შეინარჩუნოს ტყეები.
მომდევნო სამშაბათსა და ოთხშაბათს ამაზონის თანამშრომლობის ხელშეკრულების ორგანიზაციის (ACTO) რვა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები ერთმანეთს ქალაქ ბელემში შეხვდებიან. ისინი გაუტყეურების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიებს, აბორიგენი მოსახლეობის დაცვის გამოწვევებსა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მდგრადი განვითარების მიზნებს განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დამცველთა ჯგუფებმა გასულ დღეებში ამაზონის ტყეების ტერიტორიაზე ხანძრის რამდენიმე კერა შენიშნეს. მათი თქმით, ახლა ამაზონისთვის ზაფხულის ყველაზე ცხელი პერიოდი დგას, რომელიც, ხანძრების შექმნის მხრივ, განსაკუთრებით დიდ საფრთხეს ქმნის.