
საქართველოში უცხოურ ვალუტაში განთავსებულ ანაბრებზე პროცენტები ისტორიულ მინიმუმზე დავიდა. ერთი შეხედვით, ეს კარგია, მაგრამ გააჩნია ვისთვის.
“TBC ბანკმა” და “საქართველოს ბანკმა” მიმდინარე წლის თებერვალში ერთდროულად შეამცირეს დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები. როცა სინქრონულად რაღაც ხდება (ეს სხვა დროსაც არაერთხელ მომხდარა), ამას გარიგების სუნი უდის.
დანაზოგებმა უცხოურ ვალუტაში თითქმის დაკარგეს საინვესტიციო შინაარსი და შემნახველი ფუნქცია შეიძინეს. როცა შემოსავლების უდიდესი ნაწილი გაქვს ლარში, ყიდულობ დოლარს (ევროს) შესანახად და გაუფასურებისაგან დასაცავად, როცა მეორეჯერ ეწევი უკუკონვერტაციას უკვე ლარებში დასახარჯად და ამ კონვერტაციებში კარგავ ფულს, როცა ამას ემატება “დოლარის ინფლაცია” ემიტენტ ქვეყანაში თუ გლობალურ ბაზარზე - რა შემოსავალი უნდა დაგრჩეს საკუთარი დანაზოგიდან?! სხვა გამოსავალაც რომ არა გაქვს, გარდა იმისა, რომ “მიებარო” ბანკებს?
TBC ბანკში ვადიანი ერთწლიანი ანაბარის საპროცენტო განაკვეთი ახლახან 1,35 პროცენტი გახდა, ევროში 0,45 პროცენტი, საქართველოს ბანკში - შესაბამისად 1,25 პროცენტი და 0,45 პროცენტი. ორწლიანზეც საგრძნობი კლებაა - დოლარში 1,6- 1,7 პროცენტი, ევროში 0,75 პროცენტი გახდა.
როცა კომერციულ ბანკებში არსებული 35 მილიარდი ლარის ეკვივალენტი დეპოზიტების 62 პროცენტი უცხოურ ვალუტაშია განთავსებული (რაც 6,51 მილიარდ დოლარს შეადგენს), ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი კი კიდევ უფრო მეტია, 77 პროცენტს აღწევს, რეალურად დანაზოგები ბანკების იაფი მოგების წყარო უფრო ხდება, ვიდრე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოსავლების. ვნახოთ, მომავალში ეს ეკონომია სესხებზე პროცენტის შემცირებაში გარდაისახება თუ კომერციული ბანკების მოგების გაზრდას მოემსახურება, შემცირდება თუ არა ე. წ. სპრედი, სხვაობა სესხის პროცენტსა და ანაბრის პროცენტს შორის, რომელიც ერთ-ერთი მაღალია საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით.
დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირების მიზეზი მრავალია: სუბიექტური და ობიექტური, საგარეო და საშინაო, კარგიც და ცუდიც.
ბოლო პერიოდში, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა მთავრობის და ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული იაფი ფულის პოლიტიკა (ხაზინის ნაშთების, საპენსიო ფონდის სახსრების, რეფინანსირების სესხების განთავსება კომერციულ ბანკებში), აგრეთვე ხელოვნური “ლარიზაციის” მიზნით ეროვნული ბანკის მიერ მიღებული მარეგულირებელი ზომები.
ერთ-ერთი მიზეზი პანდემიით გამოწვეული მიმდინარე ანგარიშის ბალანსში მომხდარი ცვლილებებიცაა, როცა იმპორტის შემცირების გამო, შემცირდა დოლარზე მოთხოვნაც. ტრადიციული სენია ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განუვითარებლობაც, როცა ალტერნატივის არარსებობის გამო მეანაბრეები კომერციული ბანკების მძევლები ხდებიან. საბანკო სისტემაში ორი დომინანტი ბანკის არსებობა (ე.წ. “ორბანკიანობა” ) ასუსტებს კონკურენციას, თუ მარეგულირებელი თვალს დახუჭავს მათ მიერ ბაზრის კონტროლის შეთანხმებულ ქმედებებზე.
საგარეო ფაქტორებიდან აღსანიშნავია მსოფლიოს წამყვან კომერციულ ბანკებში და ცენტრალურ ბანკებში (“ეცბ”, ამერიკის “ფედში”) კომერციული ბანკების (საქართველოს ეროვნული ბანკის) მიერ განთავსებულ უცხოურ ვალუტაზე თითქმის ნულოვანი საპროცენტო განაკვეთის არსებობა ( ევროზე კი მინუს ნიშნითაც კი). ამას ემატება პანდემიის პერიოდში წამყვანი უცხოური ცენტრალური ბანკების მიერს ეკონომიკის “წახალისების” მიზნით გატარებული ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკაც.
ბევრი სხვა მიზეზიცაა, რომელიც ქვეყნის ფინანსურ სისტემაში არსებულ სიღრმისეულ პრობლემებს ავლენს და ცალკე საუბრის თემაა.
ფაქტი კი ერთია - რიგითი მეანაბრე კარგავს შემოსავალს და ვერც ამ დაკარგული ფულის ირიბ სიკეთეს გრძნობს-სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გასული წლის იანვართან შედარებით არც ლარში და არც დოლარში არსებითად არ შეცვლილა. უცხოური ვალუტის სესხებზე 0,9 პროცენტული პუნქტით მოიმატა, ხოლო ეროვნული ვალუტის სესხებზე 0,2 პროცენტით შემცირდა.
მოსაზრების ავტორი: რომან გოცირიძე
სტატიაში გამოთქმული მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს Businessformula.ge-ს პოზიციას.