„ენგურჰესის“ რეაბილიტაციის გამო, იანვარში ელექტროენერგიის იმპორტი თითქმის გაორმაგდა. საქართველოს ენერგოსისტემას იმპორტი ამ პერიოდში 10 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა.
თუკი 2020 წლის იანვარში საქართველოში 214 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, ამ მოცულობამ წელს ანალოგიურ პერიოდში 414 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა. შესაბამისად, მთლიანობაში, იმპორტის წილი ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის 35% იყო, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი შარშან მხოლოდ 18%-ს შეადგენდა.
„ენგურჰესის“ გაჩერების გამო 22%-ით შემცირდა გენერაციის ობიექტების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობაც. ენერგეტიკოსები ელიან, რომ არსებულ ვითარებაში, ენერგოდეფიციტის კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
„მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ელექტოენერგიის მოხმარება შემცირებული იყო, ჩვენ მაინც გვქონდა დეფიციტი და 60 მილიონ დოლარამდე ღირებულების იმპორტი დაგვჭირდა. მოსალოდნელია, რომ დეფიციტი მომავალ წლებშიც გაიზრდება და თუკი ახალი გენერაციის ობიექტები არ შევა ექსპლუატაციაში, იმპორტი მუდმივად მზარდი იქნება. რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ იზრდება საქართველოს დამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე, ასევე ქვეყნიდან დამატებითი უცხოური ვალუტა გავა“, - განაცხადა IDFI-ის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, გივი ადეიშვილმა.
“ენგურჰესი” რეაბილიტაციის მიზნით იანვარში გაჩერდა. ენერგოობიექტმა მუშაობა მაისში უნდა განაახლოს, რეაბილიტაციის შედეგად სადგურის წლიური გამომუშავება 100-120 მილიონი კილოვატ საათით გაიზრდება.