LIVE

ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი შესაძლოა მიგრანტების განსახლების ახალი ადგილი გახდეს

06 აგვ 202318:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 733
ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი შესაძლოა მიგრანტების განსახლების ახალი ადგილი გახდეს

ნიუ-იორკის მერია მანჰეტენის ცენტრალური პარკსა და ბრუკლინის პროსპექტ პარკს მიგრანტების განსახლების ახალ ადგილებად განიხილავს. აღსანიშნავია, რომ გასული 15 თვის განმავლობაში ქალაქში 95 000 თავშესაფრის მაძიებელი შევიდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

30 ივლისის მდგომარეობით ნიუ-იორკში 107 900 მიგრანტი იყო განსახლებული, ორჯერ უფრო მეტი, ვიდრე 2022 წლის იანვარში - 45 000. იუხედავად ამისა, ქალაქს რესურსები აღარ ჰყოფნის თავშესაფრის მაძიებელთა დასახმარებლად. გასულ დღეებში უამრავი ადამიანი მანჰეტენის შუაგულში, სასტუმრო რუზველტის გარეთ, ტროტუარებზე ელოდა დახმარებას. 

ადგილობრივი საინფორმაციო საიტი Gothamist-ი იტყობინება, რომ მერია ქალაქის ორ დიდ პარკში კარვების აღმართვას განიხილავს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური პირებისაგან განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

მერის მოადგილემ ჯანდაცვისა და საჯარო სერვისების საკითხებში, ენ უილიამს-ისომ, ოთხშაბათს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მერია 3 000-მდე ადგილს განიხილავს ქალაქში, ცენტრალ პარკი კი მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. 

საინტერესოა, რომ იშვიათ და გადაუდებელ შემთხვევებში ცენტრალური პარკი საცხოვრებელ არეალად აქამდეც გამოუყენებიათ. 1930-იანი წლების "დიდი დეპრესიის" დროს პარკში უსახლკაროებს აგებული ჰქონდათ ე.წ. "ჰუვერვილები" - ასობით თვითნაკეთი, უსახლკაროთა ბანაკი, რომლებიც საცხოვრებლებად გამოიყენებოდა. ამას გარდა, COVID-19-ის პანდემიის დროს პარკში გაშენებული იყო საველე ჰოსპიტლები, რომელთაც ქალაქი დიდი რაოდენობით დაავადებულთა მოვლისთვის იყენებდა.