
Microsoft-ის განცხადებით, ათობით გლობალური კომპანია რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფის სამიზნე გახდა. მათ ქსელში შესასვლელი მონაცემების მისაღებად თავი ტექნიკური დახმარების ჯგუფის წარმომადგენლებად გაასაღეს.
მკვლევრები განმარტავენ, რომ ჰაკერებმა რეალურს მიმსგავსებული დომენები და ანგარიშები შექმნეს. ამის შემდეგ, ისინი შეეცადნენ, რომ Teams-ის მომხმარებლებთან კომუნიკაციაში შესულიყვნენ და მულტიფაქტორული ავთენტიფიკაცია (MFA) გაევლოთ. MFA ანგარიშებს გატეხვისგან იცავს და კომპანიები მომხმარებლებს მის გამოყენებას ურჩევენ. მომხდარი აჩენს ეჭვს, რომ ჰაკერები პოულობენ ახალ გზებს მასთან გასამკლავებლად.
ტექნოლოგიური კომპანიის თანახმად, "უაღრესად მიზანმიმართული" თავდასხმა, მაისის შემდეგ, 40-მდე გლობალურ ორგანიზაციას შეეხო. Microsoft აცხადებს, რომ საქმეს იძიებს და მუშაობს თავდასხმის შედეგად მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად.
მკვლევრების თქმით, მომხდარის უკან მდგარი ჰაკერული ჯგუფი, რომელიც ცნობილია, როგორც Midnight Blizzard ან APT29, დაფუძნებულია რუსეთში. გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის მთავრობების შეფასებით, ჯგუფი დაკავშირებულია ქვეყნის საგარეო დაზვერვის სამსახურთან.