
ევროკავშირი და თურქეთი საბაჟო კავშირის განახლებას განიხილავენ.
ევროკომისარ პაოლო ჯენტილონის თქმით, ამ კუთხით, რთული საკითხებია გადასაწყვეტი. ის თურქეთის ფინანსთა მინისტრს მეჰმედ შიმშეკს გასული ორი კვირის განმავლობაში ორჯერ შეხვდა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გასულ თვეში გამოხატეს მზადყოფნა, რომ თურქეთთან კავშირების გასაღრმავებლად იმუშაონ.
ევროკავშირის მაღალი რანგის ოფიციალური პირები მიესალმნენ თურქეთის ძალისხმევას აღადგინოს ურთიერთობები ევროკავშირთან. ბლოკთან თურქეთის კავშირები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ოპონენტების შევიწროების გამო დაიძაბა.
შიმშეკმა გასულ კვირას ზალცბურგში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს პროცესი არ არის პირდაპირ კავშირში იმასთან, საბოლოოდ გახდება თუ არა თურქეთი ევროკავშირის წევრი. მისივე თქმით, ამ დროისთვის ყველაზე მარტივია, განახლდეს საბაჟო კავშირი, რომელიც 1995 წლიდან არსებობს და მას დაემატოს ზოგიერთი თურქული სასოფლო-სამეურნეო საქონელი და მომსახურება.
"ყოველთვის ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ საბაჟო კავშირის განახლება პრინციპში მიღწევადია. რა თქმა უნდა, არის გარკვეული დაბრკოლებები, მაგრამ ჩვენ უნდა ვნახოთ, სად შეიძლება უფრო მჭიდრო თანამშრომლობა შედგეს", - უთხრა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა Bloomberg News-ს.
ევროკომისია, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო, დიდი ხანი ითხოვდა თურქეთთან სავაჭრო შეთანხმების განახლებას, მაგრამ ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებისა და კვიპროსთან დაკავშირებული დაძაბულობის ფონზე პროგრესს ვერ მიაღწია.
საბაჟო კავშირის შეთანხმება ითვალისწინებს საერთო ტარიფს ყველა სამრეწველო საქონელზე. ეს წესი არ ვრცელდება მომსახურებაზე, სახელმწიფო შესყიდვებზე ან სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე (გამონაკლისია გადამუშავებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები). ორმხრივი სავაჭრო შეღავათები ვრცელდება სოფლის მეურნეობის, ქვანახშირისა და ფოლადის პროდუქტებზე.