LIVE

გაფიცვები, რომლებმაც მიმდინარე ზაფხულში ევროპული ავიაცია დააზარალა

10 აგვ 202311:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 407
გაფიცვები, რომლებმაც მიმდინარე ზაფხულში ევროპული ავიაცია დააზარალა

ევროპული ტურიზმის ინდუსტრია პანდემიამდელ პერიოდს უბრუნდება, თუმცა საყურადღებოა თანამშრომელთა გახშირებული გაფიცვები.

ევროკონტროლი

დატვირთული სეზონის გამო 6-თვიან გაფიცვებს გეგმავდა ევროკონტროლი - საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაცია, რომელიც ევროპაში უსაფრთხო და უწყვეტ საჰაერო მიმოსვლას უზრუნველყოფს.

მიუხედავად ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ევროკონტროლის თანამშრომლებთან გაფორმდა შეთანხმება და გაფიცვები აღარ მოეწყობა.

ბელგია

ბელგიაში 15-16 ივლისს Ryanair-ის პილოტები გაიფიცნენ. ისინი ანაზღაურების მომატებასა და უკეთეს სამუშაო პირობებს მოითხოვდნენ. აღნიშნული გაფიცვების გამო ორ დღეში 120-მდე ფრენა გაუქმდა

ბელგიაში პილოტებს მომდევნო გაფიცვა 29-30 ივლისს ჰქონდათ. ისინი აცხადებდნენ, რომ მათი მოთხოვნები არ შესრულდა. შედეგად, სავარაუდოა, რომ გაფიცვები მომავალშიც გაგრძელდება.

ბრიტანეთი

ბრიტანეთში რამდენიმე დაგეგმილი გაფიცვა უკვე გადაიდო. ავიაციის სფეროში მოღვაწე რამდენიმე ფირმა (ASC; Menzies Aviation და GGS) და ავიაკომპანიები, მათ შორის ცნობილი British Airways-ი, სამუშაო გაფიცვებს 28 ივლისიდან 1-ე აგვისტომდე და შემდეგ 4-8 აგვისტოს პერიოდებში გეგმავდნენ. თუმცა, თანამშრომლებს ხელფასები 15%-ით მოუმატეს და გაფიცვები გაუქმდა.

აღსანიშნავია, რომ ივლის-აგვისტოში ავიაკომპანია EasyJet-მა 1 700-მდე დაგეგმილი ფრენა გააუქმა, უმეტესად ლონდონის Gatwick-ის აეროპორტიდან.

საფრანგეთი

საფრანგეთში ავია ინდუსტრია პრეზიდენტ მაკრონის საპენსიო რეფორმამ დააზარალა. Ryanair-მა ივნისში 900-მდე ფრენა გააუქმა საფრანგეთში. ძირითადად, გაუქმებული ფრენები ფრანგული საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლის (ATC) თანამშრომლების გაფიცვებით იყო განპირობებული.

იტალია

მიმდინარე ზაფხულის ყველაზე დიდი გაფიცვა იტალიაში 15 ივლისს მოხდა. ამ დღეს ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა აეროპორტის თანამშრომელი გაიფიცა. ერთ დღეში დაახლოებით 1 000-მდე ფრენა გაუქმდა.

პორტუგალია

EasyJet-მა პორტუგალიაში 350-მდე ფრენა გააუქმა 21-25 ივლისს. მიზეზი თვითმფრინავების სალონის პერსონალის გაფიცვები იყო, რომლებიც ხელფასების მომატებას ითხოვენ. მათი განცხადებით, გაფიცვები მომავალშიც იგეგმება, თუ კომპანიები მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ.

ესპანეთი

ესპანეთში Iberia Regional Air Nostrum-ის პილოტები მიმდინარე წლის 27 თებერვლიდან ყოველ ორშაბათსა და პარასკევს იფიცებოდნენ; 6 ივნისის შემდეგ კი ისინი ყოველდღიურ გაფიცვებზე გადავიდნენ. კომპანიის განცხადებით, აღნიშნულმა შესაძლოა რამდენიმე მიმართულებით ფრენები მნიშვნელოვნად დააზარალოს.