
კომპანია CLC Elevator, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოში პირველ ლიფტების მწარმოებელ ქარხანას გახსნის.
„ბიზნეს ფორმულასთან“ საუბარში კომპანიის დამფუძნებელი, ნოდარ კაპანაძე აღნიშნავს, რომ ქარხანა წლის ბოლომდე თბილისში, კერძოდ სოფელ დიღომში გაიხსნება.
CLC Elevator ქართულ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა და ლიფტების იმპორტით, მონტაჟითა და მომსახურებითაა დაკავებული. ლიფტების წარმოება კომპანიის სამომავლო გეგმების ნაწილია, რომელიც ადგილობრივი ბაზრის გარდა, ექსპორტზეც არის გათვლილი.
„დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი წარმოება სამომავლოდ თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. იმედი გვაქვს, რომ სხვა ბიზნესებისთვისაც გავხდებით მოტივაცია, რათა დაიწყონ წარმოება და შეამცირონ იმპორტზე დამოკიდებულება“, - ამბობს ნოდარ კაპანაძე.
კომპანიამ საწყის ეტაპზე პროექტ „აწარმოე საქართველოშის“ თანადაფინანსებით, 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ამასთან, ქარხნის გახსნიდან 8 თვეში 36 მილიონი დოლარის უცხოურ ინვესტიციას ელოდება, მათ შორის, თურქეთის, გერმანიისა და იტალიის პარტნიორი კომპანიებისგან. CLC Elevator-ი პროდუქციის ექსპორტზე გატანას მეზობელ ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში გეგმავს.