LIVE

მასკი უჩივის მკვლევრებს, რომლებიც სოციალურ მედიაში სიძულვილის ენას სწავლობენ

01 აგვ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 456
მასკი უჩივის მკვლევრებს, რომლებიც სოციალურ მედიაში სიძულვილის ენას სწავლობენ

ილონ მასკის კომპანია X Corp ჩივილით ემუქრება არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც სიძულვილის ენას იკვლევს

"ციფრული სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის" განაცხადებით, Twitter-ის მშობელმა კომპანიამ მას 20 ივლისს წერილი გაუგზავნა და პლატფორმისთვის ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა.

საუბარია კვლევაზე, რომელიც ცენტრმა ივნისში გამოაქვეყნა. კვლევა მოიცავს რვა ნაშრომს. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, Twitter-მა რეაგირების გარეშე დატოვა Twitter Blue ანგარიშების 99%, რომლებიც ორგანიზაციის შეფასებით, სიძულვილის შემცველ შინაარს აქვეყნებდნენ.

მასკის კომპანიამ წერილში კვლევა მოიხსენია, როგორც "ცრუ, შეცდომაში შემყვანი ან ორივე ერთად" და დასძინა, რომ ორგანიზაციამ არასწორი მეთოდოლოგია გამოიყენა. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ცენტრი Twitter-ის კონკურენტების ან უცხოური მთავრობების მიერ ფარული მიზნებით ფინანსდება.

წერილს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამოეხმაურა და ბრალდებები უარყო. 

"ილონ მასკის ქმედებები წარმოადგენს თავხედურ მცდელობას, დაადუმოს გულწრფელი კრიტიკა და დამოუკიდებელი კვლევა", - ამბობს ციფრული სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი იმრან აჰმედი.

მისივე თქმით, ცენტრი ტექნოლოგიური კომპანიების, მთავრობების ან მათთან აფილირებული ორგანიზაციების მიერ არ ფინანსდება.  

გუშინ X-მა განაცხადა, რომ ორგანიზაციის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო. სარჩელი კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქის ფედერალურ სასამართლოში შევიდა.