
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ჯი ემ ეს სი საქართველოს სამედიცინო სერვისების კომპანიასა“ და შპს „მედკაპიტალს“ შორის დაგეგმილი გაერთიანების შესწავლა დაიწყო.
სააგენტოს განცხადებით, ის გაერთიანების კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს განიხილავს.
"მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული კომპანიების გაერთიანებასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს, მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა აქვთ - 2023 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით, სააგენტოს ელ. ფოსტაზე: info@gnca.gov.ge ან მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N154, მე-8 სართული.
ინფორმაციისთვის: წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მისი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე", - ნათქვამია განცხადებაში.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, კომპანიების შერწყმის შესახებ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს უნდა ეცნობოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია.
სააგენტოს განცხადებით, 2023 წლის 6 თვეში, საქართველოში რეგისტრირებული 12 119 კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული. სააგენტომ 3 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ამ ეტაპზე, სააგენტოში საქმისწარმოება 3 დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.