
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში კომპანიების რეგისტრაციის პროცედურები უნდა გამკაცრდეს.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ უფროსმა ანალიტიკოსმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების მზარდი რაოდენობა პრობლემურია.
ბესო ნამჩავაძის თქმით, ერთი მხრივ, ამ გზით საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო მეტად ხდება რუსეთზე დამოკიდებული, მეორე მხრივ კი რისკები მზარდია სანქციების თავის არიდების ნაწილში.
„საქართველოში რუსების მიერ დაფუძნებულ კომპანიებთან მიმართებაში პირველი საფრთხე ისაა, რომ სხვა მიმართულებებთან ერთად ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. მეორე მხრივ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე ჩვენ უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ბიზნესსაქმიანობის უფლებას ვაძლევთ. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ უშუალოდ სანქცირებულ პირს აქვს საქართველოში ბიზნესი, თუმცა არ ვიცით, ამ ხალხის უკან ვინ დგას, ვისი ბიზნესპარტნიორები არიან, ვის უგზავნიან აქ ნაშოვნ ფულს. კარგია, რომ საქართველოს კომპანიების რეგისტრაციის გამარტივებული რეჟიმი აქვს. თუმცა რუსეთის მოქალაქეების მიმართ განსხვავებული პროცედურები უნდა იყოს, მათ უფრო მეტი ლოდინი და მეტი ბიუროკრატიული პროცედურების გავლა უნდა უწევდეთ, უნდა გადამოწმდეს, ვინ დგას მათ უკან“, - განაცხადა ბესო ნამჩავაძემ.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 21 326 კომპანია დააფუძნეს. ეს მაჩვენებელი წინა 27 წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება. შესაბამისად, გამოდის, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ.