LIVE

კოსოვოს მთავრობამ უდიდეს კერძო ტელემაუწყებელს ლიცენზია შეუჩერა

30 ივლ 202312:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 305
კოსოვოს მთავრობამ უდიდეს კერძო ტელემაუწყებელს ლიცენზია შეუჩერა

კოსოვოში მთავრობამ უდიდეს კერძო ტელემაუწყებელს ლიცენზია შეუჩერა. საქმე ტელევიზია Klan Kosovo-ს უკავშირდება.

კოსოვოს მთავრობა ტელევიზიას რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით უკვე ერთი თვეა ედავება. პარასკევს კი კოსოვოს ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრმა შემდეგი განცხადება გააკეთა: "(ტელევიზიის) სარეგისტრაციო დოკუმენტებში კოსოვოს რესპუბლიკის მუნიციპალიტეტები წარმოდგენილია როგორც სერბეთის ქალაქები, რაც ჩვენი კონსტიტუციის დარღვევაა."

აღნიშნულის მიუხედავად, ჟურნალისტები აცხადებენ, რომ კოსოვოს მმართველი პარტია თავისუფალ მედიას ებრძვის. Klan Kosova 2009 წელს შეიქმნა და მალევე კოსოვოს უდიდესი ტელევიზია გახდა.

კოსოვოს ჟურნალისტთა ასოციაციამ პარასკევს განაცხადა, რომ მთლიანი საქმე დასაწყისიდანვე პოლიტიკურად მოტივირებული იყო მმართველი პარტიისა და პრემიერმინისტრის, ალბინ კურტის მიერ: "აღნიშნული გადაწყვეტილება ადასტურებს სახელმწიფოს ღია და უპრეცედენტო ომს მედიის წინააღმდეგ."

საერთო განცხადება გააკეთეს კოსოვოში აშშ-ის, იტალიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის (Quint group) წარმომადგენლებმა და მათთან ერთად პრიშტინაში ევროკავშირის ოფისმა: მათ შეშფოთება გამოთქვეს კოსოვოს მიერ Klan Kosova-სთვის ლიცენზიის შეჩერების შესახებ.

მას შემდეგ, რაც კოსოვომ 2008 წელს სერბეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კოსოვოში მედია საშუალება იხურება.