LIVE

ბაღდოშვილი: მიგრანტების გახსნილ ობიექტებში "შავი ფული" ტრიალებს და გადასახადებს არ იხდიან

29 ივლ 202313:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 505
ბაღდოშვილი: მიგრანტების გახსნილ ობიექტებში "შავი ფული" ტრიალებს და გადასახადებს არ იხდიან

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი მიგრანტების მხრიდან არასამართლიანი კონკურენციის პრობლემაზე საუბრობს.

როგორც რესტორნების „ჩვენი“ და „ოვალის“ დამფუძნებელმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, საქართველოში ომის დაწყების შემდეგ ჩამოსულმა ბევრმა მიგრანტმა კაფე-რესტორნები გახსნა, მათი დიდი ნაწილი კი ბიუჯეტში გადასახადებს არ იხდის.

გურამ ბაღდოშვილის განცხადებით, სწორედ მსგავსი ობიექტების მომრავლებაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადგილობრივ კაფე-რესტორნებს მიმდინარე ზაფხულის სეზონზე ვიზიტორები შეუმცირდათ.

მისი თქმით, აუცილებელია, სახელმწიფო ორგანოებმა მსგავსი ობიექტების კონტროლი და მონიტორინგი გაამკაცრონ.

“თბილისსა და აჭარაში ყოველდღე იხსნება საქართველოში ჩამოსული მიგრანტების, სლავების კომპანიები, კაფე-რესტორნები. ადგილობრივ ბიზნესს კი მომხმარებლები ძალიან შეგვიმცირდა, რადგან აქ ჩამოსული მიგრანტები უკვე ერთმანეთის ობიექტებში დადიან, რუსები - რუსებთან, ბელარუსები - ბელარუსებთან, ხოლო უკრაინელები უკრაინელებთან. დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ასეთი კვების ობიექტი არაა ინსპექტირებული არც სურსათის უვნებლობის მიმართულებით და არც გადასახადებს იხდიან. ასეთ ობიექტებში ე.წ. შავი ფული ტრიალებს. მე რომ სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი ვიყო, აუცილებლად გავაძლიერებდი მონიტორინგს და ამ საკითხს მივხედავდი. არასამართლიანია, როდესაც ჩვენ გადასახადებს ვიხდით, ხოლო ისინი მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ზრუნავენ“, - განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 21 326 კომპანია დააფუძნეს. ეს მაჩვენებელი წინა 27 წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება. შესაბამისად, გამოდის, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ.