
„ენგურჰესი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კიდევ ერთხელ გაჩერდება.
„ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, სამუშაოები 2025 ან 2026 წელს ჩატარდება, იანვარი-აპრილის პერიოდის განმავლობაში.
როგორც ლევან მებონიამ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, 2021 წელს ჩატარებული რეაბილიტაციის პერიოდში ჰიდროელექტროსადგურის გვირაბის განახლება სრულად ვერ მოესწრო.
რაც შეეხება საკითხს, გაიზრდება თუ ამ პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი, ლევან მებონია აცხადებს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოცულობის ახალი გენერაციის ობიექტები იქნება აშენებული ქვეყანაში იმ დროისთვის.
„ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ პერიოდში შეუძლებელი იყო 15.5 კილომეტრიანი გვირაბის სრული რეაბილიტაცია. ჩვენ რომ იმ დროისთვის უკვე გვქონოდა ისეთი მსხვილი გენერაციის ობიექტები როგორიცაა ნამახვანჰესი, ნენსკრანჰესი ანდაც ხუდონი, შევძლებდით ნახევარი წლით გაგვეჩერებინა ენგურჰესი და ერთბაშად ჩაგვეტარებინა რეაბილიტაცია. თუმცა იძულებულები ვართ, ეს ნაწილ-ნაწილ გავაკეთოთ და მორიგი სამუშაოები 2025 ან უფრო მეტად სავარაუდოა, რომ 2026 წელს ჩატარდება, იანვარ-აპრილის პერიოდში. ამ თვეების განმავლობაში ენგურჰესის გამომუშავება ისედაც დაბალია და არამგონია, ელექტროენერგიის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდოს. თუმცა ეს ყველაფერი იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რა მოცულობის ახალი გენერაციის ობიექტები გვექნება იმ დროისთვის“, - განაცხადა ლევან მებონიამ.
ცნობისთვის, ენგურჰესი სარეაბილიტაციოდ 2021 წლის იანვარში სამი თვით გაჩერდა. როგორც „ენგურჰესში“ განმარტავენ, რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპის სავარაუდო ღირებულება 35 მლნ ევროა, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან მოიზიდავენ.