
სამხრეთ ევროპაში ექსტრემალური სიცხე ჩვეულებრივ ამბად იქცა, რის გამოც, ტურისტები უპირატესობას უფრო გრილ ადგილებს, ან მოგზაურობისთვის ნაკლებად ცხელ პერიოდს ანიჭებენ.
ბოლო დღეებში ტემპერატურამ 45 გრადუს ცელსიუსს მიაღწია საბერძნეთის ზოგიერთ ნაწილში, აღმოსავლეთ ესპანეთში და სარდინიასა და სიცილიაში.
ბელგიური ორგანიზაცია European Travel Commission-ის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, 4%-ით შემცირდა იმ მოგზაურების რიცხვი, რომლებიც მიმდინარე წლის ივნისიდან ნოემბრამდე პერიოდში გეგმავდნენ მოგზაურობას. შემცირების მიუხედავად, ასეთი ადამიანები გამოკითხულების 69%-ს შეადგენენ.
გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე პოპულარული ადგილი ესპანეთია. აქ დასვენებას რესპონდენტების 8% გეგმავს. მას მოსდევს საფრანგეთი (7%), იტალია (7%), საბერძნეთი (5%) და ხორვატია (5%).
თუმცა, ხმელთაშუა ზღვის ადგილების პოპულარობა, გასულ წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. გასული წელი ევროპისთვის ასევე, რეკორდულად ცხელი იყო.
2019 წლის კვლევის თანახმად, 2050 წელს მადრიდის კლიმატი ჩრდილოეთ აფრიკის ქალაქ მარაკეშს დაემსგავსება, ამ მხრივ, ლონდონი ბარსელონას, სტოკჰოლმი კი ბუდაპეშტს დაემსგავსება. ეს ევროპის $2-ტრილიონიან ტურიზმის ინდუსტრიაში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს, რაც შესაძლოა დარტყმა აღმოჩნდეს სამხრეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ტურიზმის სექტორი, 2032 წლამდე, სავარაუდოდ, საშუალოდ წლიურად 3,3%-იანი ტემპით გაიზრდება, სიცხის გამო, მოგზაურებმა, გრძელვადიან პერიოდში, შესაძლოა, სამხრეთიდან ჩრდილოეთით გადაინაცვლონ.