LIVE

როგორ შევამციროთ ხარჯები ისე, რომ თან მეგობრებიც შევინარჩუნოთ

29 ივლ 202319:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 517
როგორ შევამციროთ ხარჯები ისე, რომ თან მეგობრებიც შევინარჩუნოთ

ფასების ზრდასთან ერთად, ჩვენი ყოველდღიური ხარჯიც იზრდება. ასე მაგალითად, ადრე თუ სახლიდან გასვლისას საშუალოდ 50 ლარის დახარჯვა გვქონდა გათვლილი, ახლა საღამოს სახლში დაბრუნებულები ხშირად აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ 100 ან მეტი ლარი დაგვეხარჯა, არადა თითქოს არაფერში.

ეს ტენდენცია კიდევ უფრო მეტად საგრძნობი გახდა ზაფხულში: მართალია, მეგობრები არ გაძვირებულან, მაგრამ სამაგიეროდ, გაძვირდა მათთან ერთად ყავა, ლანჩი, ბრანჩი, ნაყინი, ახალი ფილმის პრემიერა კინოთეატრში თანმხლები პოპკორნით, კონცერტი, საღამოს გასეირნება… ამ ყველაფრის შემდეგ კი, ჩვენი ანგარიშიდან ასობით ლარი ისე ქრება, თითქოს არც გვქონია.

როცა ისედაც უამრავ რამეზე გვიწევს უარის თქმა გაზრდილი ფასების გამო, მეგობრების დაკარგვა და მათთან დროის გატარებაზე უარის თქმა რთულია. ამას მოწმობს რიცხვებიც: Credit Karma-ს კვლევის თანახმად, Gen Z და მილენიალი ახალგაზრდების მესამედი აღიარებს, რომ მეგობრებთან დროის გატარება იმაზე ძვირი უჯდება, ვიდრე შეუძლია. ასეთი ადამიანების 80% იმასაც აღნიშნავს, რომ სამეგობროს აქტივობებთან ფეხის ასაწყობად ვალების აღება უწევს.

გადახარჯვის ძირითადი მიზეზები ყველასთვის მეტნაკლებად მსგავსია: გარეთ კვება და სასმელები, შვებულება, ტანსაცმელი და დაბადების დღის წვეულებები. არავის სურს გარშემო მიმდინარე მოვლენებს ჩამორჩეს, თუმცა მუდმივად მზარდი ხარჯები ამაში ხელს გვიშლის.

ხარჯვა, თავისთავად, ეკონომიკური ზრდისთვის კარგი მოვლენაა, თუმცა როგორც ყველაფერში, აქაც, გადამეტებული არაფერი ვარგა. საჭიროა ბალანსი ინდივიდუალურ ბიუჯეტსა და ხარჯებს შორის, რასაც გაზრდილი ფასები სულ უფრო მეტად ართულებს, თუმცა სპეციალისტებს რამდენიმე რჩევა აქვთ:

  • ფოკუსირდით იმაზე, რისი გაკონტროლებაც შეგიძლიათ. თქვენ ვერ გააკონტროლებთ თუ სად წასვლას, ან რამდენის ხარჯვას მოინდომებენ თქვენი მეგობრები, ამიტომ თუ ძვირადღირებული ვახშამი თქვენს ჯიბეს აზარალებს, თქვენეულ ალტერნატივად პარკში გასეირნება და ყავა შესთავაზეთ.
  • თუ პირველი ვარიანტი არ მუშაობს, უბრალოდ გულწრფელად ილაპარაკეთ პირად ფინანსებზე, რადგან თქვენს მეგობრებს შესაძლოა წარმოდგენაც არ ჰქონდეთ, როგორ გამოიყურება თქვენი ყოველდღიური ბიუჯეტი. თუ ნამდვილი მეგობრები არიან, გაგიგებენ და ერთად რამე ისეთს დაგეგმავთ, რასაც ყველა გასწვდებით. მეგობრობა ხომ ძვირადღირებული ვახშმის გარეშეც მეგობრობაა.
  • ხარჯების კონტროლი იმას არ ნიშნავს, რომ ხანდახან მაინც არ გაანებივროთ საკუთარი თავი. უბრალოდ დაადგინეთ ყოველთვიური ლიმიტი, რამდენის გაღება შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად და ამ თანხის ფარგლებში გადაწყვიტეთ, რამდენჯერ წახვიდეთ სპაში და რამდენჯერ შემოიფარგლოთ უბრალოდ ყავის დალევით.
  • ბოლო და რადიკალური, თუმცა დასაფიქრებელი რჩევა - თუ ვერაფრით ახერხებთ ფეხი აუწყოთ თქვენი სამეგობრო წრის ცხოვრების სტილს და ხარჯებს, ეგებ დროა, საკუთარ თავს ჰკითხოთ, ღირს თუ არა ამ წრეში დარჩენა.

რიცხვები გვეუბნება, რომ Gen Z თაობის წარმომადგენლების 47%-მა და მილენიალების 36%-მა რაღაც მომენტში მიიღო მეგობრების ჩამოშორების გადაწყვეტილება სწორედ მათი ხარჯვის სტილიდან გამომდინარე. ბოლოს და ბოლოს, მეგობრობაში მთავარი შემოსავლების თანასწორობა კი არ არის, არამედ საერთო ღირებულებები.