
სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის შეფასებით, საქართველოდან რუსი მიგრანტების და ანაბრების გადინებას ეკონომიკისა და საბანკო სისტემის დესტაბილიზაცია შეუძლია.
S&P Global Ratings-ის მიმოხილვაში, სადაც შეჯამებულია ცალკეული ქვეყნების საბანკო სექტორის საერთო ტენდენციები, ძლიერი და სუსტი მხარეები, მთავარი გამოწვევები და მაკროეკონომიკური რისკები, აღნიშნულია, რომ საქართველოში, ომის კონტექსტში, ბანკების დაუცველობა შემცირებულია.
"რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ მოწყვლადობას, ამჟამად ბანკების დაუცველობა შემცირებულია, თუმცა რუსეთის მოქალაქეების მიგრაციისა და ანაბრების შემოდინების მატერიალურ შებრუნებას ეკონომიკისა და საბანკო სისტემის დესტაბილიზაცია შეუძლია",- აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშის მიხედვით, ბანკები საქართველოში, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნაკლები რისკების წინაშე დგანან. რისკების საერთო შეფასებით საქართველოს შედეგები გაუმჯობესდა და ქვეყანამ მე-8-დან მე-7 ჯგუფში გადაინაცვლა, რაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებაა. საბანკო სისტემა შეფასებულია როგორც სტაბილური, კლებადი დოლარიზაციით. S&P-ის ანალიტიკოსები მოელიან, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები ხელსაყრელია, ხოლო აქტივების ხარისხი სტაბილურ დონეზე შენარჩუნდება.
ამასთან, ხაზგასმულია, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად შემცირების მიუხედავად, საქართველოს რეგიონში ყველაზე მაღალი დოლარიზაციის მაჩვენებელი აქვს - სესხებში 44%, დეპოზიტებში 51%.
ანგარიშში საუბარია საბანკო რეგულაციებზეც, რომელმაც სააგენტოს შეფასებით, ხელი შეუწყო ბანკების მდგრადობას სტრესის მიმართ.
"გასულ წლებში, ცვალებადი მაკროეკონომიკური გარემოდან მომდინარე მზარდ რისკებს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წარმატებით უპასუხა. სებ-მა, სავალუტო საკრედიტო რისკებისთვის, სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, ბანკებს განუსაზღვრა კაპიტალის ბუფერები. შინამეურნეობების ვალის ტვირთი ზომიერია. ბოლო წლებში სწრაფი ზრდის მიუხედავად, სესხის მომსახურების კოეფიციენტები საქართველოში შესადარ ქვეყნებთან მიმართებით უკეთესია. ეს ასახავს პორტფელში იპოთეკური სესხების საშუალოზე მაღალ წილს და სებ-ის მიერ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტების წახალისებას",- აღნიშნულია ანგარიშში.
სააგენტოს შეფასებით, უმოქმედო სესხების წილი 4-4.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება და აქტივების ხარისხის სტაბილურობა მომგებიანობის ნორმალიზებას დაეხმარება. საკრედიტო რისკების მხრივ მთავარ მოწყვლადობად უცხოური ვალუტის დაკრედიტება რჩება.