LIVE

შოთა ბურჯანაძე: კაფე-რესტორნებში ფასები საშუალოდ 10-20%-თაა გაზრდილი

29 ივლ 202318:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 442
შოთა ბურჯანაძე: კაფე-რესტორნებში ფასები საშუალოდ 10-20%-თაა გაზრდილი

რესტორატორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ წელში კაფეებსა და რესტორნებში ფასები საშუალოდ 10-20%-ით გაიზარდა, რიგ შემთხვევებში კი კვების ობიექტებმა მენიუ უფრო მკვეთრად, 30%-ითაც გააძვირეს.

როგორც ასოციაციის დამფუძნებელმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, ფასების ზრდის ძირითადი მიზეზი გასული პერიოდის განმავლობაში იმპორტირებულ პროდუქციაზე მზარდი ფასები იყო. ამასთან, მომსახურების გაძვირების კიდევ ერთ მიზეზად ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დასაქმებულებისთვის ხელფასების მატებას ასახელებენ.

თუმცა შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში სასურსათო პროდუქციაზე ფასების დასტაბილურების პირობებში, მოლოდინია, რომ მომავალ თვეებში კაფეებსა და რესტორნებში ფასები შემცირდება.  

„სამწუხაროდ, არის შემთხვევებში, როდესაც რიგ კვების ობიექტებში მენიუ ძალიან გაძვირებულია, თუმცა ვფიქრობ, ეს არასწორი ბიზნესგათვლების შედეგია. ზოგადად ფასები კაფე-რესტორნებში წლიურად დაახლოებით 10-20%-ითაა გაზრდილი. სექტორს ბოლო პერიოდში არაერთი დამატებითი ხარჯი აქვს, მათ შორის დარგში პანდემიის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები. ასევე ზოგადი ინფლაციაც მოქმედებს მენიუს ფასზე და ჩვენ ვნახეთ გასულ პერიოდში მნიშვნელოვნად გაძვირებული იმპორტირებული ნედლეული და სპირტიანი სასმელები. თუმცა ველით, რომ ტურისტული სეზონის გადავლის შემდეგ, რიგ პროდუქციაზე ფასების დასტაბილურების პირობებში, უკვე კაფე-რესტორნებშიც შემცირდება ფასები“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, ბოლო თვეების განმავლობაში წლიური ინფლაციის შემცირების მიუხედავად, რიგ მომსახურებაზე, მათ შორის ტურიზმის სექტორში ფასები კლავ მზარდია. საქსტატის მონაცემებით, ივნისში ჯამურად სასტუმროების, კაფეების და რესტორნების ჯგუფში მომსახურება 10.2%-ით იყო გაძვირებული.