LIVE

უკრაინის განცხადებით, რუსული Sense Bank-ის ნაციონალიზაცია დაასრულა

23 ივლ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 569
უკრაინის განცხადებით, რუსული Sense Bank-ის ნაციონალიზაცია დაასრულა

უკრაინის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ Sense Bank-ის ნაციონალიზაცია დაასრულა.

უწყების განმარტებით, სამინისტრომ და დეპოზიტების საგარანტიო ფონდმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ბანკის 100%-იანი წილის შესყიდვის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ Sense Bank სახელმწიფო საკუთრება გახდა. მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ ბანკი 1 გრივნად შეიძინა.

"ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ბანკის მეანაბრეების ინტერესების დაცვას და საშუალებას მისცემს თავიდან აიცილოს უკრაინაში ფინანსური სტაბილურობის საფრთხე", - აცხადებენ სამინისტროში.

Sense Bank, რომელიც წარსულში Alfa-Bank Ukraine-ის სახელით იყო ცნობილი, ქვეყნის სისტემურად მნიშვნელოვან 15 ბანკში შედის.

ნაციონალიზაციამდე Sense Bank-ის მფლობელი იყო საბანკო ჯგუფი ABH Holdings, რომლის 32.86%-ს რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ევროკავშირის და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული მიხაილ ფრიდმანი ფლობს. 

სამხედრო აგრესიაზე საპასუხოდ კიევმა გასული წლის თებერვლიდან უკრაინაში რუსულ აქტივებსა და რუსი ბიზნესმენების ქონებას სანქციები დააკისრა. 

ივნისში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მთავრობას სანქცირებული პირებისა თუ პოლიტიკური სუბიექტების მფლობელობაში მყოფი ბანკების ნაციონალიზაციის უფლებას აძლევს.