
თვითმფრინავების მწარმოებელი ბრაზილიური კომპანია Ebraer-ი მფრინავი ტაქსების წარმოებას იწყებს. კომპანია იმედოვნებს, რომ 2026 წლისთვის უკვე შეძლებს ახალი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციაში გაშვებას. ქარხანა ბრაზილიის ფინანსურ დედაქალაქ სან-პაულოსთან ახლოს აშენდება.
ტრანსპორტი, რომელიც ძალიან ჰგავს ტრადიციულ ვერტმფრენს, ექვს მგზავრზე იქნება გათვლილი. მგზავრობა კი თითო ადამიანს 50-100 დოლარის ფარგლებში დაუჯდებათ. მფრინავი ტაქსების წარმოებას Ebraer-ის შვილობილი კომპანია Eve გაუძღვება, რომელმაც 3 000 ერთეული მფრინავი ტაქსის დამზადება უკვე შეუკვეთა.
ახალი სატრანსპორტო საშუალება 100%-ით ელექტროა, შესაბამისად, ტრადიციული მფრინავი საშუალებებისგან განსხვავებით, ნულოვანი ემისია ექნება. ელექტრო ძრავის გამო ტრანსპორტი ნაკლებ ხმაურიანიც იქნება. ასევე, მას არ დასჭირდება ასაფრენი ბილიკი, თუმცა ისეთივე დიდი მანძილის დაფარვა შეეძლება, როგორც ჩვეულებრივ თვითმფრინავს.
ინოვაციურ ტრანსპორტს უკვე განიხილავენ, როგორც გადატვირთული გზების განეიტრალების საშუალებას, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლებისთვის ფინანსურად ხელმისაწვდომი იქნება. მფრინავ საშუალებას სატვირთო მანქანების ალტერნატივადაც მოიაზრებენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დრონის მსგავს სატრანსპორტო საშუალებას თავდაპირველად პილოტი ეყოლება, თუმცა კომპანიის გეგმებში უპილოტო მოდელის განვითარებაც შედის.