LIVE

საქართველოში შესაძლოა, წყლის ფილტრებისა და აპარატების წარმოება დაიწყოს - "ნამი 8"-ს გეგმები

27 ივლ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 885
საქართველოში შესაძლოა, წყლის ფილტრებისა და აპარატების წარმოება დაიწყოს - "ნამი 8"-ს გეგმები

გაფილტრული წყლის აპარატების კომპანია „ნამი 8“ 2-3 წელიწადში საქართველოში წყლის ფილტრებისა და აპარატების წარმოების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ „ბიზნეს ფორმულას“ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი საამიშვილმა განუცხადა.

რაც შეეხება კომპანიის ამჟამინდელ საქმიანობას, „ნამი 8“-მ ბაზარზე B2B მიმართულებით უკვე დაიმკვიდრა თავი და 2 თვის წინ ინდივიდუალურ მომსახურებაზეც გადავიდა. კომპანიას ამჟამად წყლის აპარატები და ფილტრები ისრაელიდან შემოაქვს.

"საქართველოში წარმოების განვითარება ჩვენი კომპანიის სამომავლო გეგმებია და უახლოეს 2-3 წელიწადში გვინდა, რომ უკვე აქ ვაწარმოოთ ყველაფერი. შესაბამისად, საქართველოდან ექსპორტზეც გავა ეს პროდუქცია", - ამბობს ირაკლი საამიშვილი.

„ნამი 8“ ქართულ-ებრაულ ჰოლდინგ Tsur Group-ში შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი, ირაკლი საამიშვილი აღნიშნავს, მთავარი მიზანი საქართველოში გაფილტრული და სუფთა წყლის ხელმისაწვდომობის გაზრდაა. კომპანიამ ისრაელიდან მოწვეულ სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად ქართულ წყალზე მორგებული ფილტრები შექმნა, რომლებიც დამაბინძურებლებისგან წმენდს მას, თუმცა ბუნებრივი გემოვნური თვისებებს უნარჩუნებს.

"გაყიდვები B2B მიმართულებით დავიწყეთ და პლასტმასის ავზების დისპენსერების სისტემის მთლიანად ჩანაცვლება დავისახეთ მიზნად. ჩვენი აპარატები ცენტრალურ სისტემას უერთდება, სადაც წყალი 4 სახის ფილტრაციას გადის და ოფისში მუდმივად ხელმისაწვდომია. ამ სისტემის გამოყენებით, კომპანიებს უმარტივდებათ ლოჯისტიკური პროცედურა, რაც პლასტმასის ავზების ტრანსპორტირებასა და დასაწყობებას უკავშირდება. ასევე ყველა იმ კომპანიას, სადაც ჩვენი დისპენსერები აყენია, სრულ ტექნიკურ მომსახურებას ვუწევთ 24/7-ზე", - განაცხადა საამიშვილმა.

კომპანიას ამჟამად 25 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და მათი რიცხვი მზარდია. „ნამი 8“ თბილისის გარდა წარმოდგენილია რეგიონებშიც, სულ ახლახან კი ბათუმში გახსნეს ოფისი. კომპანიის სამიზნე მომხმარებლებს შორის თბილისი შემოგარენის სააგარაკე დასახლებაც შედის.