LIVE

რუსეთი ციფრული რუბლის სატესტო რეჟიმში გაშვებისთვის ემზადება

19 ივლ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 505
რუსეთი ციფრული რუბლის სატესტო რეჟიმში გაშვებისთვის ემზადება

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად საერთაშორისო იზოლაციაში მოხვედრილი რუსეთი ციფრული ვალუტის შემოღებას ცდილობს.   

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ დღეს ეროვნული ციფრული ვალუტის შექმნის შესახებ კანონი მიიღო. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ კანონში ხელმოწერის შემდეგ, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა, ციფრული რუბლის ტესტირება აგვისტოში დაიწყოს.

რუსეთის ბანკი საპილოტე პროექტის განხორციელებას ქვეყნის 15 ბანკის მეშვეობით გეგმავს. მასში მონაწილე ადამიანები და კომპანიები ცენტრალური ბანკის პლატფორმაზე გახსნიან ციფრულ საფულეს, რომელზეც ყველა რუსულ ბანკს წვდომა ექნება. ფიზიკური პირებისთვის ციფრული რუბლით ტრანზაქციები უფასო იქნება, ხოლო კომპანიებს ტრანზაქციებზე 0.3%-იანი საკომისიოს გადახდა მოუწევთ. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) თანახმად, ამჟამად მსოფლიოს ცენტრალური ბანკების ნახევარზე მეტი ციფრულ ვალუტის გამოყენებას განიხილავს ან მისი განვითარების ეტაპზეა. საპილოტე პროგრამებზე მუშაობს მინიმუმ 20 ქვეყანა, მათ შორის, ინდოეთი, იაპონია და ჩინეთი, რომელთა სატესტო პროექტი 260 მილიონ ადამიანს აღწევს და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ელექტრონული კომერცია.  

განსხვავებით კრიპტოვალუტისგან, რომელიც დეცენტრალიზებულ გადახდის სისტემას ემყარება და მთავრობებზე დამოკიდებული არ არის, ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტები სახელმწიფოების მიერ რეგულირდება.

ციფრული ვალუტის მხარდამჭერები მის უპირატესობად სოციალური საბანკო მომსახურების გაადვილებას და ტრანზაქციების ხარჯების შემცირებას ასახელებენ, სკეპტიკოსები კი კონფიდენციალურობის დაცვასა და კიბერშეტევებთან დაკავშირებულ რისკებზე მიუთითებენ.

რუსული რუბლი აშშ დოლართან მიმართებით, წელს 18%-ზე მეტად გაუფასურდა, რაც განვითარებადი ბაზრის ვალუტებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ზოგიერთი კანონმდებელი ციფრულ რუბლს რუსეთისთვის ტრანსსასაზღვრო გადახდების შემსუბუქების საშუალებად მიიჩნევს. 

"ახლანდელ გარემოში მნიშვნელოვანია გვქონდეს დამოუკიდებელი გადახდის ინსტრუმენტები და ფინანსური საინფორმაციო არხები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას უცხოელ პარტნიორებთან ვაჭრობაში", - თქვა ნიკოლაი ჟურავლევმა, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ციფრულ რუბლზე დებატების დროს ფინანსურ კონგრესზე სანქტ-პეტერბურგში. 

ამ მხრივ, რუსეთის იმედი შესაძლოა ნაადრევი იყოს, რადგან როგორც რუსეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი მრჩეველი, ალექსანდრა პროკოპენკო ამბობს, ციფრული რუბლი საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებული უნდა იყოს სხვა ქვეყნების სავალუტო პლატფორმებთან, რაც ამ ეტაპზე არარეალურია.