
2023 წლის პირველ ნახევარში, თბილისში 20 026 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტრანზაქციების რაოდენობა 2%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა კი 5%-ით, 1.1 მლრდ დოლარამდეა გაზრდილი.
Colliers Georgia-ს განახლებული მონაცემებით, 2023 წლის პირველ 6 თვეში, თბილისში ახალ პროექტებში გაყიდვები წლიურად 0.4%-ით შემცირდა, ძველ პროექტებში კი - 6%-ით.
აღსანიშნავია, რომ იანვარ-ივნისში, ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 44%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში - 28%-ით. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 15%-ით, 7 890 ერთეულამდე შემცირდა.
2023 წლის პირველ ნახევარში, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა გარეუბნებში და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
რაც შეეხება ძველ ბინებს, ამ შემთხვევაში საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა გარეუბნებში და ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში - 3%-ით.