
კომპანია Johnson & Johnson-მა სარჩელი შეიტანა 4 პროფესორის წინააღმდეგ, რომელთა კვლევა ტალკის შემცველი თავის მოვლის პროდუქტებსა და კიბოს შორის კავშირებს ამტკიცებს. კომპანიის განცხადებით, კვლევამ, რომელმაც მისი რეპუტაცია შელახა, არაზუსტია.
სარჩელის ავტორი J&J-ს შვილობილი LTL Management-ია, რომელიც ნიუ-ჯერსის ფედერალურ სასამართლოში შეტანილი საქმის მიხედვით, მოითხოვს კვლევის ავტორებმა „უარყონ ან ჩაასწორონ“ შედეგი, რომელიც ამტკიცებს, რომ ტალკის პროდუქტები კანცეროგენით, კერძოდ აზბესტითაა დაბინძურებული და პაციენტებში საკვერცხის კიბოსა და მეზოთელიომის განვითარებას იწვევს.
J&J-ს წინააღმდეგ მომხმარებლების მიერ 38 000-ზე მეტი სარჩელია შეტანილი. საპასუხოდ, კომპანიამ მიმართა გაკოტრებას და დადო $8,9 მილიარდიანი გარიგება, საიდანაც $4,5 მილიარდი უკვე გადაიხადა სასამართლო გადაწყვეტილებებისთვისა და იურიდიული ხარჯებისთვის. თუმცა მიუხედავად ამისა, J&J მყარად დგას თავის პოზიციაზე, რომ მათი ტალკის პროდუქტები უსაფრთხოა და არ იწვევს კიბოს.
LTL Management-ის მიერ შეტანილი სარჩელის მიხედვით, პროფესორებმა გამოკვლეული პაციენტებზე აზბესტის სხვა წყაროებიდან ზეგავლენის შესახებ ინფორმაცია დამალეს. აღსანიშნავია, რომ 2019-2020 წლებში ოთხმა პროფესორმა 100-ზე მეტი პაციენტი გამოიკვლია, რის საფუძველზეც გამოაქვეყნეს პუბლიკაცია, რომელიც ტალკში აზბესტოზის შემცველობასა და შედეგად კიბოს განვითარების რისკებს ამტკიცებს. LTL მოითხოვს, რომ მკვლევრებმა პაციენტების ვინაობა გაამჟღავნონ. სარჩელი ასევე მოიცავს პროდუქტის სახელის შელახვისა და თაღლითობის ბრალდებას.
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, ადამ ზიმერმანი ამბობს, რომ კომპანიებს იშვიათად შეაქვთ მსგავსი ტიპის სარჩელი, რადგან რთულია იმის დამტკიცება, რომ მკვლევრების მიზანი კომპანიის რეპუტაციის შელახვა იყო. თუმცა ზიმერმანის თქმით, კომპანია შესაძლოა ცდილობდეს ტალკის უსაფრთხოების ნარატივის გავრცელებას. ასევე, მსგავსი ტიპის სარჩელი მოქმედებს იმ პროფესორთა მოტივაციაზე, რომლებიც ამ თემის კვლევით ინტერესდებიან.
ტალკის კვლევის ერთ-ერთი პროფესორის პოზიციით, კვლევაში მონაწილე პაციენტების ვინაობის გამხელა საფრთხეს უქმნის ზოგადად სამედიცინო კვლევების რეპუტაციას, რომლებშიც პაციენტები ანონიმურად იღებენ მონაწილეობას. მისი თქმით, კომპანიის სარჩელი მხოლოდ მკვლევრებზე „თავდასხმას და მათ გაჩუმებას“ ისახავს მიზნად. პროფესორი არ აპირებს ეთიკური ვალდებულებების დარღვევას და პაციენტების ვინაობის გამხელას.
LTL Management პროფესორებს ადანაშაულებს იმაშიც, რომ მათ მომჩივანი მხარის ადვოკატებისგან ფული აიღეს, რათა გაეგრძელებინათ კომპანიის რეპუტაციის შემლახავი „მცდარი ნარატივის“ მტკიცება. LTL-ს თქმით, ორმა მკვლევარმა $3-3 მილიონი გამოიმუშავეს კომპანიის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებებით. ამ ბრალდებების შესახებ პროფესორებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.