
უნგრეთმა ქვეყანაში წიგნების უდიდესი მაღაზია LGBT თემატიკის მქონე ნოველის გაყიდვის გამო დააჯარიმა. ჯარიმა 12 მილიონ ფორინტს (36 041 აშშ დოლარი) შეადგენს.
ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ბრიტანული ნოველის, Heartstopper-ის, სპეციალური შეფუთვის გარეშე, საბავშვო ლიტერატურასთან ერთად გაყიდვით მაღაზიამ დაარღვია 2021 წლის კანონი, რომელიც არასრულწლოვანთა შორის "ჰომოსექსუალობის ამსახველი" ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს.
"დადგინდა, რომ აღნიშნული წიგნები ჰომოსექსუალობას ასახავს და ამის მიუხედავად, ისინი არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი წიგნების თაროზე იყო მოთავსებული," - ნათქვამია მთავრობის ოფისის განცხადებაში.
უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის, მთავრობის პოლიტიკა ძლიერი ქრისტიან-კონსერვატიული იდეოლოგიით გამოირჩევა. 2021 წელს მიღებული კანონის გამო ქვეყანა ევროკავშირმა მკაცრად გააკრიტიკა. გარდა ამისა, კანონმა, რომელიც მთავრობის განმარტებით, ბავშვებს იცავს, LGBT თემში დიდი მღელვარება გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უნგრეთში მაღაზია LGBT თემატიკის მქონე წიგნის გაყიდვისთვის დაჯარიმდა.
გასული 13 წლის განმავლობაში ორბანის რიტორიკა უნგრელ კონსერვატორებს მოუწოდებს, რომ ქვეყანა ბრძოლაშია, რომელშიც მან ქრისტიანული იდენტობა მუსლიმი მიგრანტებისა და "გენდერისა და LGBT იდეოლოგიისაგან" უნდა დაიცვას.