
აშშ-ს მთავრობამ პირველი ჩასახვის საწინააღმდეგო აბი დაამტკიცა, რომელიც ურეცეპტოდ გაიცემა.
კერძოდ, აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ორსულობის საწინააღმდეგო მედიკამენტის, Opill-ის ურეცეპტოდ გაყიდვა დაამტკიცა.
სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი ქალებს ხელს შეუწყობს კონტრაცეპტივებზე ხელმისაწვდომობის ბარიერების დაძლევაში. FDA-ს ცნობით მედიკამენტი ურეცეპტოდ ყველა ასაკის ქალზე გაიცემა.
FDA-ს ექსპერტთა საკონსულტაციო პანელმა ამის შესახებ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. ამ გადაწყვეტილებით ამერიკა შეუერთდება იმ 100 ქვეყანას, სადაც ეს პრაქტიკა უკვე არსებობს. ასეთებია - ლათინური ამერიკის ქვეყნები, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი.
მედიკამენტი, ექიმების შეფასებით, კონტრაცეფციის უსაფრთხო ფორმაა, რადგან არ შეიცავს ოესტროგენს, რაც ნიშნავს, რომ მას შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენები და რისკები აქვს. თუმცა კომიტეტის მოსმენის დროს, განხილვის ერთ-ერთი საკითხი ახალგაზრდა და ნაკლებ ინფორმირებულ ქალებს შეეხებოდა, რომლებსაც ინსტრუქციასთან გაცნობის პრობლემა შეიძლება ჰქონდეთ. მაგალითად, მედიკამენტი რისკის შემცველია იმ ქალებისთვის, ვისაც მანამდე მკერდის კიბოს დიაგნოზი ჰქონია, თუმცა კომიტეტის წევრებმა დაასკვნეს, რომ ასეთი პაციენტები ჰორმონალური კონტრაცეფტივების რისკების შესახებ თავიანთი ექიმებისგან ინფორმირებულები არიან. Opill-ის გვერდით მოვლენებს შორის შედის არარეგულარული სისხლდენა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და პირღებინების შეგრძნება.
”მედიკამენტის ინსტრუქციის შესაბამისად ყოველდღიური გამოყენება უსაფრთხო და უფრო ეფექტურია, ვიდრე ამჟამად ხელმისაწვდომი ურეცეპტო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები“, - განაცხადა პატრიცია კავაცონიმ, FDA-ს წამლების შეფასებისა და კვლევითი ცენტრის დირექტორმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მნიშვნელოვანი მონაპოვარია. ექსპერტების თქმით, ქალები, განსაკუთრებით კი მოზარდები უამრავ ბარიერს უპირისპირდებიან რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიღებისას. ასევე, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღების დროს ქალები ხშირად აწყდებიან სტიგმას ჯანდაცვის სერვისის პროვაიდერებისგან და მშობლებისგან. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, შეერთებულ შტატებში ორსულობის შემთხვევის თითქმის ნახევარი არასასურველია.
აღსანიშნავია, რომ კონტრაცეპტივების შესახებ განხილვა არ ყოფილა ისეთი მწვავე, როგორც ეს აბორტის აკრძალვის შესახებ კანონის მიღებას ახლდა. 2022 წელს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და 1973 წელს მიღებული აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა. ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ურეცეპტოდ გაცემა კი ბაიდენის ადმინისტრაციის გამარჯვებად აღიქმება, რამდენადაც აბორტის შეზღუდვა უფრო და უფრო მეტ შტატში ვრცელდება.
ფრანგული მწარმოებლის HRA Pharma-ს განცხადებით, მედიკამენტი ამერიკის მასშტაბით ურეცეპტოდ ხელმისაწვდომი შემდეგი წლის დასაწყისიდან იქნება. კომპანიას ფასის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა მზად არის მედიკამენტი ყველა ასაკის ქალისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. Opill-მა FDA-ს ავტორიზაცია 1973 წელს მიიღო და აქამდე ამავე კატეგორიის სხვა აბების მსგავსად, მხოლოდ ექიმის დანიშნულების საფუძველზე იყიდება.