
4 სექტემბრიდან საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების შემოწმებას იწყებს. საუბარია გზებზე ავტომობილების ხილული გამონაბოლქვის კონტროლზე.
როგორც, ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შიოლაშვილი "ბიზნეს ფორმულასთან" საუბარში აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმას, ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდება. კერძოდ, ფიზიკური პირი 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება. განმეორებით დარღვევაზე კი, ჯარიმის ოდენობა შედარებით მაღალია.
მისივე თქმით, ტექინსპექტირების ცენტრებში დაბალი მიმართვიანობა კვლავ გამოწვევად რჩება.
"ფიზიკური პირების შემთხვევაში, ჯარიმა პირველ დარღვევაზე იქნება 100 ლარი, განმეორების შემთხვევაში 300 ლარი და შემდგომ 600. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, თავდაპირველად 500 ლარია ჯარიმა, შემდგომ კი, 1000 და 1500 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან.
რაც შეეხება ტექდათვალიერების ცენტრებში მომართვიანობა, 2023 წლის 1 კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 5-10%-ით არის გაზრდილი. გამოწვევად ისევ რჩება ის, რომ ტექდათვალიერება 1 600 000-დან მხოლოდ 785 000-ს აქვს გავლილი", - განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 78 ხმით მიიღო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება, რომელიც სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმის გადამეტებისთვის საჯარიმო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.