
Standard Chartered ბიტკოინის ფასის პროგნოზს ზრდის.
საბანკო ჯგუფი ვარაუდობს, რომ უმსხვილესი ციფრული ტოკენის ფასი მიმდინარე წლის ბოლოს 65%-ით $50 000-მდე გაიზრდება, 2024 წლის ბოლოსთვის კი გაოთხმაგდება და $120 000-ს მიაღწევს.
Standard Chartered-ის აპრილის პროგნოზით, მომავალი წლის ბოლოსთვის 1 ბიტკოინის მოსალოდნელი ფასი $100 000 იყო.
კომპანია პროგნოზის ზრდის მიზეზად საბანკო სექტორის კრიზისს და მაინერების მომგებიანობას ასახელებს. როგორც წესი, საბანკო ქაოსის დროს ინვესტორები ციფრული აქტივებისკენ იხრებიან. რაც შეეხება მაინერების მომგებიანობის ზრდას, ციფრული ვალუტის მომპოვებლებს შეუძლიათ გამომუშავებული ვალუტის მხოლოდ მცირე ნაწილი გაყიდონ, რათა მიწოდების შემცირებით მისი ფასი გაზარდონ.
ბიტკოინის ფასი ამჟამად $30 222-ს შეადგენს. მისი ღირებულება მიმდინარე წელს 83%-ით გაიზარდა, მაგრამ 2021 წლის ნოემბრის მაჩვენებელს - $69 000-ს მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება.