LIVE

ორწლიანი კლების შემდეგ, ევროკავშირის მოსახლეობა კვლავ იზრდება

13 ივლ 202316:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 437
ორწლიანი კლების შემდეგ, ევროკავშირის მოსახლეობა კვლავ იზრდება

ორწლიანი შემცირების შემდეგ, 2022 წელს ევროკავშირის მოსახლეობა ისევ გაიზარდა. 

როგორც Eurostat-ის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, COVID-19 პანდემიის გავლენის გამო, 2020 და 2021 წლებში მოსახლეობა მცირდებოდა, თუმცა კლება ზრდით შეიცვალა და თუ 2022 წლის 1 იანვარს მოსახლეობა 446,7 მილიონი იყო, 2023 წლის 1 იანვარს ევროკავშირის მოსახლეობამ 448,4 მილიონი ადამიანი შეადგინა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის ზრდა დიდწილად შეიძლება მიეკუთვნებოდეს COVID-19-ის შემდგომ გაზრდილ მიგრაციულ მოძრაობებს და უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მასობრივ ნაკადს, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნებში დროებითი დაცვის სტატუსი მიიღეს.

რაც შეეხება უფრო გრძელვადიან პერიოდს, ევროკავშირის მოსახლეობა ბოლო 63 წელში 93,9 მილიონი ადამიანით გაიზარდა, ანუ 354,5 მილიონიდან 448,4 მილიონამდე. ბოლო ათწლეულების განმავლობაში მოსახლეობის ზრდის ტემპი თანდათან ნელდებოდა​. ასე მაგალითად, ევროკავშირის მოსახლეობა 2005-2022 წლებში წლიურად საშუალოდ მხოლოდ 0,8 მილიონი ადამიანით იზრდებოდა.

აღსანიშნავია, რომ გერმანია, საფრანგეთი და იტალია ერთად ევროკავშირის მოსახლეობის თითქმის ნახევარს (47%) შეადგენენ.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მთლიანი მოსახლეობა 2022 წელს გაიზარდა, მოსახლეობის ზრდა არ დაფიქსირებულა ყველა წევრ ქვეყანაში. საერთო ჯამში, 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლამდე პერიოდში, შვიდ ქვეყანაში დაფიქსირდა მოსახლეობის შემცირება. ყველაზე დიდი კლება იყო იტალიაში (-179 419 ადამიანი) და ყველაზე მცირე სლოვაკეთში (-5 920). ზრდა დაფიქსირდა დანარჩენ 20 ქვეყანაში - ყველაზე დიდი გერმანიაში (1 121 721) და ყველაზე მცირე ლატვიაში (7 251).