
Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონება ამ თვეში ბოლო 10 წლის რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა.
12 ივლისის მდგომარეობით, მისი ქონება $6.2 მილიარდია. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო 5 ივლისს, როცა ივანიშვილის ქონებამ $6.25 მილიარდს მიაღწია. Bloomberg-ის მონაცემები აჩვენებს, რომ აღნიშნულზე მეტი ივანიშვილს 2013 წელს ჰქონდა, როცა მისი ქონება $6.4 მილიარდი იყო.
ამ დროისთვის, ივანიშვილი პლანეტის 500 უმდიდრეს ადამიანს შორის ერთადერთი ქართველია და 411-ე ადგილს იკავებს.
Bloomberg-ის თანახმად, ივანიშვილი $5.15 მილიარდს ნაღდი ფულის სახით ფლობს, დანარჩენი კი კერძო აქტივებში აქვს ჩადებული. კერძო აქტივებიდან $45 მილიონი უძრავ ქონებაზე, $1 მილიარდი კი ხელოვნების ნიმუშებზე მოდის.
Bloomberg-ის განმარტებით, მონაცემები დაბალი სანდოობითა და 1*-ით ფასდება. ეს ნიშნავს, რომ მილიარდერის ქონების უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია აქტივებთან, რომელთა შესახებაც წვდომა შეზღუდულია.
აღსანიშნავია, რომ განსხვავებული მონაცემები აქვს Forbes-ს, რომლის თანახმად, ამჟამად ივანიშვილის ქონება $4.9 მილიარდს შეადგენს.
2021 წლის იანვარში ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ $200 მილიონს იტოვებდა, დანარჩენ ქონებას კი საქველმოქმედო ფონდს გადასცემდა. ამასთან, მაშინ მილიარდერმა აღნიშნა, რომ Bloomberg-ისა და Forbes-ის მონაცემები რეალობისგან განსხვავდება, რადგან Forbes-თან მას დიდი ხანია არ უთანამშრომლია, Bloomberg-თან თანამშრომლობის გამოცდილება კი საერთოდ არ აქვს.
Forbes-ზე ივანიშვილის პროფაილი მის ციტატასაც მოიცავს: "ადამიანს მილიარდები არ სჭირდება, 200 მილიონიც საკმარისია, ამის შემდეგ უკვე სპორტია".