
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვაგნერის ლიდერ ევგენი პრიგოჟინს აჯანყების დასრულების შემდეგ რამდენიმე დღეში შეხვდა. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინი პრიგოჟინსა და ვაგნერის სხვა მეთაურებს კრემლში შეხვდა. შეხვედრა 29 ივნისს გაიმართა და იგი დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა. ჯამში, შეხვედრაზე 35 ადამიანი იყო მიწვეული. მათ შორის იყვნენ ვაგნერის დაჯგუფების გავლენიანი წევრები.
პუტინმა "სამხედრო მეთაურების ახსნა-განმარტებებს მოუსმინა" 24 ივნისის აჯანყების შესახებ და მათ კრიზისის "საკუთარი შეფასება წარუდგინა", - განაცხადა პესკოვმა. პუტინმა ვაგნერის დაჯგუფებას დასაქმებისა და საბრძოლო ოპერაციების კიდევ სხვა, დამატებითი შესაძლებლობები შესთავაზა.
აღსანიშნავია საგანგებო შეხვედრა მით უმეტეს, რომ პუტინი, რომლის მმართველობასაც ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ ვაგნერის ჯგუფმა შეუქმნა, დამნაშავეთა "სასტიკი" დასჯით იმუქრებოდა. თავის დროზე მან სატელევიზიო მიმართვაში აღნიშნა, რომ ამბოხის ორგანიზატორებმა "თავიანთ ქვეყანასა და ხალხს უღალატეს."
აჯანყების დროს პრიგოჟინის ძალები მოსკოვს 200 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ პრიგოჟინმა აჯანყება ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს, შუამავლობით შეწყვიტა. პუტინმა პრიგოჟინს ბელარუსში გადასვლის ნება დართო და ვაგნერის ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.