LIVE

ზურაბიშვილი: ჩვენი ეკონომიკური მდგრადობა რუსების შემოდინებას უკავშირდება, რაც სახიფათოა

07 ივლ 202321:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 487
ზურაბიშვილი: ჩვენი ეკონომიკური მდგრადობა რუსების შემოდინებას უკავშირდება, რაც სახიფათოა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური მდგრადობა რუსების შემოდინებასთანაა დაკავშირებული, რაც საკმაოდ სახიფათოა. 

პრეზიდენტმა Rencontres Économiques d'Aix-en-Provence-ის ეკონომიკური ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსი მიგრანტების შემოსვლის ფონზე, რუსეთზე დამოკიდებულების ერთ-ერთი ახალი ფორმა განვითარდა.

"დღეს ჩვენ ვხედავთ ერთიან და მტკიცე ევროპას. პრეზიდენტი პუტინი ვერასდროს იფიქრებდა, რომ ევროპა ასე კარგად შეძლებდა ერთიანობის შენარჩუნებას.

მრავალი პროგნოზი გაკეთდა, რომ ზამთარი ძალიან მძიმე იქნებოდა, დღეს ამბობენ, რომ მომდევნო ზამთარი იქნება ძალიან მძიმე, მაგრამ რეალურად, ევროპამ უკვე აჩვენა, რომ ძალა შეინარჩუნა და შეინარჩუნებს. ასევე ვხედავთ, ძლიერი ევროპის პერსპექტივის ხელახლა გახსნას, რომელიც დიდი ხანია არ გვინახავს და რასაც ველოდებით, ეს თავდაცვითი ევროპაა. ამ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობის წარმოჩენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენთვის, ვინც ჯერ კიდევ ამ ევროპული ერთობის გარეთაა, რადგან უსაფრთხოების მოლოდინი ისაა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენს მიდგომას. 

საქართველოსთვის, რომელიც ამ ერთობის გარეთაა, (თავის მხრივ, გაუძლო ეკონომიკურ ზეწოლას, ჩვენ შედარებით განსხვავებული ეკონომიკური ზეწოლა გვაქვს) ეკონომიკური მდგრადობა რუსების შემოდინებასთანაა დაკავშირებული, რომლებმაც შემოიტანეს ვალუტა და ასე რომ ვთქვათ, შექმნეს ახალი ბაზარი. ეს საკმაოდ სახიფათოა, რადგან ეს დამოკიდებულების ერთ-ერთი ახალი ფორმაა და განსხვავებული, რომელიც საყურადღებოა. ეს არ არის ერთადერთი რისკი, რომელიც ჩვენს წინაშეა. 

თქვენ იცით, რომ საქართველოს გამოვლილი აქვს ორი ომი რუსეთთან, ბოლო 2008 წელს, მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ნათელია რუსეთის პირდაპირი ზეწოლა. ევროპის სიმტკიცე ჩვენთვის ფუნდამენტურია, რათა გასულ წელს მინიჭებული ევროპული პერსპექტივა კანდიდატის სტატუსად გადაიქცეს, იმ რეალობაში, როცა დღეს რუსეთი ცდილობს, რომ ომი, რომელსაც ის უკრაინაში აგებს ჰიბრიდული ფორმით აქ განახორციელოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე ონლაინ ჩართვისას.